ტრამპი და საკაცობრიო „უდროობა“

ტრამპი და საკაცობრიო „უდროობა“

„პოსტმოდერნის“ უამრავი განმარტება არსებობს.

ზოგადად, რთული ცნებაა.

ყველაზე საინტერესოდ და მრავლისმთქმელად მაინც ეს მიმაჩნია: „მეგა-ნარატივის არარსებობა“

ამ განსაზღვრების საზრისული დეკონსტრუქციით ვიღებთ, რომ პოსტმოდერნი არის რაღაც დიდი პარადიგმის, ღირებულებათა მეგა-სისტემის დანგრევის შედეგად წარმოშობილი სიცარიელე, როდესაც ის ძველი სისტემა კი დაინგრა, მაგრამ არანაირი ახალი პარადიგმა არ წარმოშობილა.

„დრო“ კი არ განვითარდა და ახალი „დრო“ კი არ დაიწყო, არამედ დრო, უბრალოდ.......გაჩერდა, როგორც ერთი შესანიშნავი ქართველი პოეტის ლექსშია

ილუსტრაციად:

ხომ იყო „რეიგანის ეპოქა“ ანუ „რეიგანის დრო“. მეორეკურსელი სტუდენტიც ჩამოგითვლით, აღგიწერთ იმ ეპოქის ღირებულებით ტეხილთა ანუ კოორდინატთა სისტემას: კომუნიზმი.....თავისუფალი სამყარო.....ადამიანის უფლებები.....ბერლინის კედელი.....დამარცხებული ნაციზმი.....მონანიებული ჰოლოკოსტი....დემოკრატია.....ტოტალიტარიზმი.....წითელი საფრთხე-КГБ......

ანუ ერთ მხარეს ნათელი, კეთილი, პროგრესული სამყარო, ხოლო მეორე მხარეს, - ბნელი მორდორი, „უბოროტესი მტერი, რომელიც კი ოდითგან კაცობრიობას ხელს უშლის ამაღლდეს ვარკვლავებისკენ“ (დიდი რონალდ რეიგანის სიტყვიდან გაეროში 1983 წელს, „კორეული ბოინგის“ ჩამოგდების შემდეგ)

ეს პარადიგმა იმმანენტურად გულისხმობდა, რომ მორდორი არ მოისვენებს, სანამ მთელს პლანეტას არ „გააწითლებს“ და არ შთანთქავს.

და ამ დიდ ომში ისეთი პატარა გამარჯვებაც კი, როგორიც იყო რეიგანის ბრძანებით პატარა გრენადას კუნძულის გათავისუფლება საურონის ბრჭყალებისგან, მთელი მორდორის ნგრევის დასაწყისად აღიქმებოდა.....

„სოლიდარნოსჩი“ პოლონეთში.....დისიდენტური მოძრაობა სსრკ-ში, სოლჟენიცინი....სახაროვი, რომლებსაც ძალიან არ უყვარდათ ერთამენთი (სხვა თემაა), მაგრამ ორივე იმავე „მეგა-პარადიგმის“ ნაწილნი იყვნენ, სადაც არსებობდა მკაფიო „თეთრი“ და მკაფიო „შავი“, უეჭველი „ბოროტი“ და უეჭველად ნათელი, პროგრესული.

ჰიტლერი..... სტალინი..... მაო.... პოლ პოტ.... ჩაუშესკუ..... ესაა ისტორიის ბნელი მხარე.

რუზუველტი...... ჩერჩილი..... დე გოლი....... ისტორიის ნათელი მხარე.

- - - - - - - - - - - - - - - -

რა მოხდა შემდეგ?

1988 წლიდან ჯერ დაიბზარა, შემდეგ დაინგრა საბჭოთა იმპერია, ლამის ტოლკინისებურად აფეთქდა მორდორი, მასთან ერთად თანდათან ჯერ გაუბრალოვდა, შემდეგ დამაჯერებლობა დაკარგა ძველმა პარადიგმამ:

მოსკოვი, კრემლი ხომ სულაც აღარ აპირებდა მთელი მსოფლიოს „გაწითლებას“ და „საფრანგეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ ან „ამერიკის საბჭოთა სოციალისტურ შეერთებული შტატების “შექმნას...

მოსკოვიც კაპიტალიზმს აშენებდა....ამერიკაში თუ ტრამპები იყვნენ......რუსეთში ბერეზოვსკები და აბრამოვიჩები გაჩნდნენ.....

ჩინეთმა კი ლი ქუან იუ-სეული „სინგაპურის“ მოდელის განხორციელება დაიწყო. ანუ კაპიტალიზმი ტოტალიტარული ერთპარტიული მმართველობით.

საკმაო წარმატებითაც.

არადა ძველ პარადიგამში თითქოს შეუძლებელი სჩანდა საბაზრო ეკონომიკა და ეკონომიკური ლიბერალიზმი - ადამიანის უფლებებისა და ელექტორალური დემოკრატიის გარეშე.

ძველ პარადიგმასთან ერთად დაინგრა მისი რამდენიმე განუშორებელი კოსტრუქტი, რომლის კოდიფიცირება მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მათ შორის, მაგალითად საზღვრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, აგრესიის დაუშვებლობა.....იდიოტი ჯორჯ ბუშის პარანოიდული დაჟინებით, დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რითაც შექმნა პრეცედენტი და გახსნა „პანდორას ყუთი“.

გლობალურ ტურბულენტობაში, რაც ძველი პარადიგმის, ღირებულებათა ძვალი მატრიცის და კოორდინატთა სისტემის დაშლას მოჰყვა, ვერ დაიბადა ახალი წესრიგი, ახალი პარადიგმა.

მსოფლიო დაემსგავსა ჯუნგლებს, სადაც რაც უფრო შერხანი იქნები, მით უფრო მოჰგლიჯავ საშენოდ.

შეიქმნა ვითარება, როდესაც „ყველას თავისი სიმართლე აქვს“

და ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არ არსებობს არანაირი „სიმართლე“ და არანაირი :უფლება", გარდა „ძალის უფლების" ანუ......"ძალაუფლებისა“.

რაც უფრო ძლიერი ხარ (სამხედრო თვალსაზრისით...ეკონომიკური თვალსაზრისით....)მით უფრო მართალი ხარ და არა პირიქით.

არ დაიჯეროთ, თითქოს იმ წინა პარადიგმაშიც ასე იყო.

იმ წარსულ ეპოქაში მორალური აღმატებულება და მორალური სიცხადე ქმნიდა ბირთვული ძალის ტოლფას უპირატესობას!

სწორედ ეს იყო იმ ეპოქის მთავარი თვისება - ბუჰენვალდის გაზის ქურებში დამწვარი საბრალო ბავშვებისა და Беламорканал-ის მილიონობით მონა- ყმის გაყინულ ძვალთა საზარელი გაკვეთილით

- - - - - - - - - - - - - - - -

ძველი დროის დასასრულმა მოიტანა „უდროობა“, ხოლო

„უდროობამ“ (რუსულშია კარგი სიტყვა Безвременье-დ.) შექმნა ტრამპი!

ტრამპმა კი ბუნებრივად გაათანაბრა აგრესორი და მსხვერპლი, რაკი „უდროობისას“ „ყველას თავისი სიმართლე აქვს“ - შერხანს შია და ესაა მისი სიმართლე.

შია და რა ქნას?

შვლის ნუკრს ერჩის ახლა, კამეჩს ხომ აღარ?!

რა უნდა მოხდეს, რათა დედამიწაზე დაბრუნდეს „დრო“?

უნდა გამოჩნდეს გმირი ან გმირები, რომლებიც დაამარცხებენ და დასჯიან ბოროტებას - ამით დაამკვიდრებენ „კეთილისა და ბოროტის“, „სიმართლისა და სიცრუის“, „ისტორისი ნათელი და ბნელი მხარის“ ახალ პარადიგმას.

ტრამპი გმირი არ არის.

იგი საკაცობრიო უდროობის პერსონაჟია.