ლარის კურსს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ;

ლარის კურსს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ;

 

    საქართველოში 1994 წლის სექტემბრიდან დაწყებულ ეკონომიკურ რეფორმას მძიმე დღეები დაუდგა. ასეთი საშიში ვითარება ჯერ არასდროს ყოფილა

    ერთდროულად რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. «სუბიექტურთა» შორის უპირველესად უნდა დავასახელოთ სახელმწიფო მექანიზმის «სიმყიფე და უნიათობა», რაც ხელს უშლის გადასახადების აკრეფას. 1998 წლის ნოემბრისთვის «გარღვევამ» (მხოლოდ საკუთარი შემოსავლების მხრივ) 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. კიდევ 50 მილიონი ლარი დაკარგა სახელმწიფომ «საქენერგოს» ხაზით. შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობა კი რეალურად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო დასავლეთისგან დაპირებული გრანტები და კრედიტები.
    ამჯერად საუბარი არ გვაქვს სავალუტო ფონდზე, მაგრამ, მაგალითად, მსოფლიო ბანკი მორიგ 20 მილიონიან კრედიტს არ გვაძლევს, ვინაიდან ვერ მოხერხდა ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება წინასწარ განსაზღვრული ოდენობით.
    ობიექტურ მიზეზთა შორის უნდა დასახელდეს რუსეთის კრიზისი, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოხატულება გახდა. მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარია რეალობა: საქართველოს ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა.
    ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 70 მილიონსღა შეადგენს. ახლა ყოველკვირეულად, ეროვნულ ბანკს 5 მილიონი მაინც სჭირდება ლარის კურსის შესაკავებლად.
    საგარეო სავაჭრო სალდო კვლავინდებურად უარესდება _ გაიზარდა (იმავდროულად გაიაფდა) იმპორტი და შემცირდა ექსპორტი. სწორედ ეს იწვევს დოლარის დეფიციტს საფინანსო ბაზარზე. ამასობაში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაამკაცრა მოთხოვნები და ფაქტობრივად, ლარის კურსის «გაშვებას» (ანუ მის დევალვაციას) მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, თუ გავაანალიზებთ ფონდის პოზიციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს დღეში მყოფი (საქართველო გამონაკლისი არ არის) სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, ნამდვილად სარწმუნოა, ფონდს ჩვენგანაც ლარის დევალვაცია მოეთხოვა.
    თუმცა, ოფიციალურად ამგვარი განცხადება არავის გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, მოლდოვაში, უკრაინასა და სომხეთში მოვლენები სწორედ ასე განვითარდა (რომ აღარაფერი ვთქვათ თვით რუსეთზე) ცენტრალურმა ბანკებმა შეწყვიტეს, ან მნიშვნელოვნად შეამცირეს ინტერვენციები, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემა გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებას არ თანხმდება, რაც პრინციპში სწორი პოზიციაა - ლარის მყარი კურსი და დაბალი მონეტარული ინფლაცია ისეთი უპირატესობაა, რასაც სხვა ვერაფერი გადასწონის ეკონომიკაში, ამიტომ ეროვნულ ბანკსა და «ეკონომიკურ ბლოკს» გადაწყვეტილი აქვთ, ბოლომდე იბრძოლონ «ლარის დასაჭერად»;
    მართალია ასეთმა სიჯიუტემ მკვეთრად გაართულა ურთიერთობა ფონდთან (რომელსაც შესცქერის და ბაძავს უკლებლივ ყველა ფინანსური ცენტრი _ ევროკავშირიდან მსოფლიო ბანკამდე), მაგრამ საქართველოს სხვა რესურსებიც გააჩნია. მაგალითად, მხოლოდ თელასის პრივატიზებით ქვეყნის ბიუჯეტი 35 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს თანხა (თუ ამ ხელისუფლებას ელემენტარული გონიერება შერჩა) მთლიანად ეროვნულ ბანკში უნდა ჩაირიცხოს, ბიუჯეტი კი ლარებით შეივსოს. სომხეთმა პრივატიზებით (უპირველესად, ტელეკომუნიკაციათა პრივატიზებით), 300 მილიონამდე დოლარი მიიღო. კიდევ უფრო მეტი შეიძლება მიიღოს საქართველომ. გარდა ამისა, საგადასახადოსა და საბაჟოს რესურსიც არ არის ბოლომდე ამოწურული _ მათ პირობა დადეს, რომ წლის ბოლომდე 40 მლნ ლარს აკრეფენ. ეს თანხა, ძირითადად, იმპორტიორებს ჩამოეჭრებათ, ეს კი შეამცირებს მათ რესურსებს და შეასუსტებს «ზეწოლას» სავალუტო ბაზარზე;
    რაც უფრო სრულად დაიბეგრება იმპორტიორი, მით უფრო «ამოისუნთქავს» ლარი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ეროვნულ ვალუტას ცუდი დღე ელის. რუსეთის კრიზისმა დაამტკიცა, რომ «დევალვაციის მართვა» შეუძლებელია. პირველივე განცხადებამ «ახალი სავალუტო კორიდორის» შესახებ რუბლის დაქცევა გამოიწვია. ზუსტად იგივე განმეორდება საქართველოში. ნუ მოგვატყუებს ის ფაქტი, რომ ლარი მცირე ოდენობით არის გაშვებული მიმოქცევაში, ამიტომ სავალუტო რეზერვი საკმარისია მისი მთლიანად ამოღებისთვის. ამ შემთხვევაში მოხდება ეკონომიკის სრული დოლარიზაცია ან (უარეს შემთხვევაში) ისევ რუბლი დაბრუნდება საქართველოს ეკონომიკურ სისტემაში, თანაც ყოველგვარი «დეკლარაციის» გარეშე.
    დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საფინანსო ფონდი საქართველოს ასე ადვილად არ გაწირავს, ვინაიდან (იმავე რუსეთისგან განსხვავებით) შევარდნაძის მთავრობა ყველა რეკომენდაციას პირნათლად ასრულებდა (სხვა საკითხია, რომ ვერ ახორციელებდა ცხოვრებაში), გარდა ამისა, შევარდნაძეს კიდევ დარჩა ერთი, უკანასკნელი, მაგრამ ძალიან ძლიერი კოზირი: მას შეუძლია მიმართოს უშუალოდ კლინტონის ადმინისტრაციას დახმარებისთვის. ნიადაგი საამისოდ უკვე «ისინჯება» - იანვარში დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას სამუშაო ვიზიტი ამერიკაში.

7 დღე, 25 ნოემბერი, 1998 წ.