აფხაზეთის კოზირს რუსეთი ვერ გაჭრის

აფხაზეთის კოზირს რუსეთი ვერ გაჭრის

 

        «ნატოში» გაწევრიანების თაობაზე შევარდნაძის განცხადებით გამწარებულმა რუსმა შოვინისტებმა, როგორც ჩანს, უკანასკნელი კოზირი გამოიყენეს. «გოსდუმის» გეოპოლიტიკის კომიტეტში ჩატარებულ სხდომაზე ჟირინოვსკის პარტიელმა ალექსანდრე მიტროფანოვმა განაცხადა, რომ «რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის სუბიექტად აფხაზეთის აღიარების შესახებ».
        რასაკვირველია, აფხაზეთის შეერთებას დე - იურე რუსეთი ვერ გაბედავს. ოღონდ არა საქართველოს, არამედ იმ იურიდიული პრეცედენტის შექმნის შიშით, რომელიც ჩეჩნეთის, თათრეთის და სხვა «რუსული» რესპუბლიკების აღიარების «საფრთხეს» შექმნის.
        რამდენიმე ხნის წინ იმავე «გოსდუმის» სხვა კომიტეტის (სნგ-ს საქმეთა) ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე ზატულინი აცხადებდა: «მონოპოლარული მსოფლიოს პირობებში, როცა დედამიწაზე ერთადერთი ზესახელმწიფოა, რუსეთისადმი საქართველოს ლოიალობის ერთადერთი გარანტია შეიძლება იყოს არა რუსული ბაზები, არამედ საქართველოს შიში, არ დაკარგოს აფხაზეთი და «სამხრეთი ოსეთი» (აქ, უეჭველად, ისევ «დე ფაქტო» დაკარგვა იგულისხმება, ვინაიდან «დე იურე» აფხაზეთის მიერთებას ზატულინიც კი ვერ დაუჭერს მხარს ზემოხსენებული მიზეზით);
        მაგრამ საამისოდ ხომ აუცილებელია საქართველოს (თუნდაც ნაწილობრივ) «დაუბრუნო» აფხაზეთი, რათა მას (საქართველოს) ამ ტერიტორიის დაკარგვისა ეშინოდეს? თორემ აფხაზეთი საქართველოს ისედაც მთლიანად დაკარგული აქვს, ამიტომ «ზატულინის დოქტრინა» (იგი სოხუმშიც ძალიან არ ეპიტნავათ, რასაკვირველია) ვერ მუშაობს და ვერც იმუშავებს.
        ახლა კი იმავე საკითხს სხვა მხრივ შევხედოთ.
        თვითონ აფხაზეთი თუ ითხოვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას? არავითარ შემთხვევაში! აფხაზეთმა არა მხოლოდ რეფერენდუმი ჩაატარა დამოუკიდებლობის თაობაზე, არამედ «სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტიც» კი მიიღო. სეპარატისტთა მიზანი იმთავითვე დამოუკიდებლობა იყო და არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა.
        განსხვავებით ე.წ. სამხრეთი ოსეთისაგან, რომლის პარლამენტმა არაერთგზის მიმართა რუსეთს «ჩრდილოეთ ოსეთთან» შეერთების, ანუ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ – აფხაზეთის «პარლამენტს» მსგავსი არაფერი განუცხადებია.
        მართალია, ომის დროს არძინბამ (არძინბამ და არა «პარლამენტმა») გააკეთა ასეთი განცხადება, ხოლო ზურაბ აჩბამ «ლიტერატურნაია როსიაში» გამოაქვეყნა «პარა პანიატ ჩტო აბხაზიი – ეტო როსია», მაგრამ ეს მხოლოდ «ტაქტიკური სვლა» იყო და არა სტრატეგიული მიზანსწრაფვა, როგორც «ოსეთის» შემთხვევაში.
        ამიტომ ტაკიმასხარა მიტროფანოვის განცხადება (აფხაზეთის «შემოერთების» თაობაზე) სოხუმშიც ძლიერ გაუკვირდებოდათ. აფხაზეთს დამოუკიდებლობა სურს და არა რუსეთის ფედერაციის სუბიექტობა. ეს განასხვავებს მას ე.წ. «სამხრეთ ოსეთისაგან» და თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს განსხვავება საქართველოს ერთადერთი კოზირია.

მერიდიანი, 29 ოქტომბერი, 1999 წელი