ბორის კაკუბავა იგორ გიორგაძის რეაბილიტირებას ცდილობს

ბორის კაკუბავა იგორ გიორგაძის რეაბილიტირებას ცდილობს

  

    «აღორძინების» ყრილობა ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ცხარე სჯა-ბაასის საგნად თუნდაც იმ «სენსაციების» გამო, რომლებიც ბათუმში «აფეთქდა».
    მაგალითად, პირველად 1995 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ ბრალდებები იგორ გიორგაძის წინააღმდეგ შეთითხნილია და სინამდვილეში უშიშროების ყოფილი შეფი არაფერშია დამნაშავე
    იგორ გიორგაძის წერილიდან კი ირკვევა, რომ იგი თავს ედუარდ შევარდნაძის ოპონენტად თვლიდა - უპირველეს ყოვლისა, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებში.
    სანამ ამ საკითხზე მსჯელობას გავაგრძელებდეთ, ისიც უნდა ვიკითხოთ - «სახალხოელები» (მამუკა გიორგაძე და ძმანი მისნი) რამდენად ირწმუნებენ ბორის კაკუბავას განცხადებას, რომ იგორ გიორგაძის ხელი არ ურევია გია ჭანტურიას მკვლელობაში?
    თუმცა, ეს უკვე აღარც არის საინტერესო. რაც მთავარია, იგორ გიორგაძის უცვლელი ბრალდებები შევარდნაძის მიმართ ყოფილმა «დისიდენტმა» ბორის კაკუბავამ «გაახმოვანა». იგორ გიორგაძე კი საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რისთვისაც კაკუბავა და სხვა დისიდენტები მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ: საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი თვლის, რომ ედუარდ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი, ამით განაპირობა საქართველოს ყველა უბედურება, ქართველი ხალხის გენოციდი სეპარატისტთა მხრიდან და ა.შ.
    თავად ბორის კაკუბავა ამ ბრალდებებს, ეტყობა, თანაუგრძნობს. ყოველ შემთხვევაში, პროტესტის გრძნობა არ უჩნდება და გიორგაძის უსტარს ყრილობის ტრიბუნიდან კითხულობს. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ კაკუბავამ საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ ძალთა იმედი საბოლოოდ დაკარგა.
    ბუნებრივია, მისი მთავარი სურვილი, მთავარი ვნება იმ ხალხის დასჯაა, ვის გამოც (მისი აზრით) დაიკარგა აფხაზეთი, მაგრამ რაკი თბილისში მოქმედი ოპოზიციის მეშვეობით ეს არ გამოდის და ოპოზიცია კვლავინდებურად წინააღმდეგია აფხაზეთში ომის გაჩაღებისა, ამ უკანასკნელს გამარჯვების არ სჯერა.
    კაკუბავა ახალ მოკავშირეს ეძებს და პოულობს კიდეც. თუმცა აქ კიდევ ერთი ნიუანსია საინტერესო: ცენტრალური ხელისუფლებისათვის გაცილებით საშიში იქნებოდა ალიანსი თამაზ ნადარეიშვილს (ანუ აფხაზეთის ლტოლვილთა ელიტასა) და აჭარის ლიდერს შორის, მაგრამ ეს ალიანსი, მიზეზთა გამო, არ შედგა.
    კაკუბავას კი იმავე ფუნქციის შესრულება ძალზე გაუჭირდება. კაკუბავა ვერ ხვდება, რომ იგორ გიორგაძის ადვოკატობით განუზომლად აძლიერებს შევარდნაძის პოზიციებს. ფაქტობრივად, ამით დასტურდება: «კომანდორი» პოლიტიკურად კვლავ ცოცხალია და საქართველოში დაბრუნებისათვის იბრძვის.

მერიდიანი, 26 ივნისი, 1998 წ.