გამოამწყვდევენ თუ არა ჯაბა იოსელიანს გალიაში?

გამოამწყვდევენ თუ არა ჯაბა იოსელიანს გალიაში?

 

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უარყო, მაგრამ არც დაადასტურა ცნობა «მხედრიონის» ყოფილი ლიდერისა და მისი თანამებრძოლებისათვის რკინის გალიების დამზადების შესახებ, რომლებშიც ისინი უნდა ჩასვან სასამართლო პროცესის დროს.
    ზოგიერთმა «ადამიანის უფლებათა დამცველმა» ეს ცივილური სამართლისა და პრინციპების დარღვევად მიიჩნია და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთა «ბარბაროსობის საწინააღმდეგოდ».
    არადა, სინამდვილეში, რკინის გალიაში ბრალდებულთა ჩასმა სავსებით «ცივილური» პრაქტიკაა, რომელიც იტალიაში წარმოიშვა ოთხმოციანი წლების დასაწყისში. იმ დროს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო «კოზა ნოსტრას» ლიდერთა დაპატიმრება. მათი სიმრავლის გათვალისწინებით, აგრეთვე უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი უზარმაზარ დარბაზში ჩაატარეს, ხოლო მაფიოზები რკინის გალიებში ჰყავდათ გამომწყვდეული, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა მათი უფლებების შელახვას. ბრალდებულებს თავისუფლად შეეძლოთ საუბარი, ადვოკატებთან ურთიერთობა, ახლობლებისათვის ხელის ჩამორთმევა და ა.შ.
    სხვა საქმეა, თუ ჯაბა იოსელიანსა და «მხედრიონელებს» გალიებში ჩასვამენ და შემდგომ ამ გალიებით გაატარებენ თბილისის ქუჩებში, ეს ნამდვილად იქნებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევა, თუმცა კი ბევრს გაახარებდა.
    «გალიაზე» საუბარი განსაკუთრებით კმაყოფილებას იწვევს საქართველოს იმ კუთხეებში (კახეთსა და სამეგრელოში), რომელთაც ყველაზე მეტად მიაჩნიათ თავი დაზარალებულად «მხედრიონის» დემოკრატიული ამბოხის» პროცესში. თუმცა ხელისუფლება კახელებისა და მეგრელების ვნებას ამ შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა აჰყვეს.
    «მხედრიონის» პროცესის მოახლოებასთან ერთად, ვითარება მომავალი სანახაობის გარშემო დღითი დღე იძაბება. ეს სასამართლო პროცესი უდავოდ სარეკორდო იქნება ყველა თვალსაზრისით, უპირველესად კი ხანგრძლივობით.
    ჯაბა იოსელიანი უკვე ატარებს «მოსამზადებელ სამუშაოებს», რათა საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ განაწყოს. მან, რა თქმა უნდა, იცის ვის უნდა მიმართოს - მხოლოდ იმ კატეგორიას (სხვადასხვა სოციალურ ფენაში), რომლისთვისაც მისი ფენომენი მისაღები და გასაგებია. ამჟამად ბრძოლა სწორედ საზოგადოებრივი აზრისთვის მიმდინარეობს.
    ჯაბა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწევდა, მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურიას უკანასკნელმა განცხადებამ მას «ცივი წყალი გადაასხა». ედპ-ს ლიდერის თქმით, იგი აუცილებლად გამოვა პროცესზე და თავის ადრინდელ ბრალდებებსაც დაადასტურებს. ეს კი ნამდვილად აღარ მისცემს საშუალებას «მხედრიონს» თავი ხელისუფლების მიერ დევნილად გამოაცხადოს. ჯაბა იოსელიანის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ დადასტურდა გიგა გელაშვილის, თემურ ხაჩიშვილისა და სხვათა ბრალეულობა გახმაურებული ტერაქტების საქმეში, თვით ჯაბა იოსელიანიც ვეღარ გაიმართლებს თავს - აბა, ვინ დაიჯერებს, რომ გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის და გია გულუას მკვლელობა მხოლოდ რამდენიმე «მიტმასნილის» კერძო ინიციატივა იყო?
    არადა, სინამდვილეში სულაც არ არის გამორიცხული, მართლაც ასე ყოფილიყო, ოღონდ აქ პასუხისმგებლობის დიფერენცირებაა საჭირო: ორგანიზაციის ლიდერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მოქმედებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი თავად არ იძლევა ამა თუ იმ კონკრეტულ ბრძანებას და ეს ორგანიზაცია მოქმედებს თავისი შინაგანი ბუნების საერთო მიმართულების შესაბამისად.
    ამ თვალსაზრისით ჯაბა იოსელიანისა და «მხედრიონის» სასამართლო პროცესი ერთობ ჭკუის სასწავლებელი გახდება მთელი საზოგადოებისათვის განურჩევლად იმისა, რა ფორმით მოხდება გასამართლება - უზენაესი სასამართლოს «აკადემიურ დარბაზში», კლასიკურ ვითარებაში თუ გალიებსა და სტადიონზე.

მერიდიანი, 22 ოქტომბერი, 1997 წელი