პანტელეიმონ გიორგაძის ფანტომი

პანტელეიმონ გიორგაძის ფანტომი

 

    პოლიტიკურ ლიტერატურაში ცნობილია ხერხი - როდესაც უმნიშვნელო ფიგურის ანგაჟირება პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად და მოწინააღმდეგეთა «იმიჯის» შესალახად ხდება.
    მაგალითად, რუსეთში იყო დრო, როცა ამ ფუნქციას ვლადიმერ ჟირინოვსკი ასრულებდა. ვისაც იგი მიეკარებოდა, უმალვე იქცეოდა «არასერიოზულ მოღვაწედ» სერიოზულად განწყობილი საზოგადოების თვალში. საქართველოში იგივე მისია «ერთიანი კომუნისტური პარტიის» ლიდერ პანტელეიმონ გიორგაძეს დაეკისრა.
    ხელისუფლებისათვის, რასაკვირველია, უაღრესად ხელსაყრელია პანტელეიმონის აქტიურობა ოპოზიციური თავყრილობებისას, ვინაიდან იდეა თუ მოძღვრება, რომელსაც იგი განასახიერებს, იმდენად ოდიოზურია, რომ არანაირ შანსს აღარ უტოვებს იმ პოლიტიკოსს, ვინც მას «გაეკარება». ამ თვალსაზრისით უაღრესად ნიშანდობლივია ბათუმში გამართული ყრილობა. საერთოდ, იგი ასლან აბაშიძის უმძიმეს ტაქტიკურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს. დღემდე აბაშიძე საკმაოდ ოსტატურად თამაშობდა, მაგრამ ბოლო დროს მართლა უმტყუნა ნერვებმა და ისეთი ხალხი შემოიკრიბა, რომელთაგან თითოეული მთელი სოციალური ფენებისა და პოლიტიკური დაჯგუფებების ანტიპათიას იწვევს.
    პანტელეიმონ გიორგაძის გამოჩენა ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე მათ არ მოეწონებოდათ, ვინც კარგა ხანია «გაიღვიძა და დაინახა, რომ დეპოში აღარ არის» - კომუნისტური რეჟიმი დამთავრდა და სამუდამოდ ჩაეფლო ისტორიის სანაგვეში.
    თუმცა გიორგაძესთან ერთად ბათუმის ყრილობაში სხვა ფიგურებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც შესაბამისი «უარყოფითი იმიჯი» აქვთ საზოგადოების (ამომრჩეველთა) გარკვეული კატეგორიის თვალში. მათ შორის არიან აკაკი ასათიანი (მას ელიტარული ინტელიგენცია არ უყურებს კარგი თვალით), ვახტანგ ბოჭორიშვილი და თემურ ქორიძე (მათ «ანტიზვიადისტები» ვერ იტანენ), მამუკა გიორგაძე (ვისაც «ზვიადისტები» ვერ აპატიებენ 1991-92 წლებს), მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პანტელეიმონ გიორგაძე გამოირჩევა. იმავე ყრილობაზე ბორის კაკუბავამ წაიკითხა იგორ გიორგაძის წერილი. როგორც ჩანს, «სახალხოელთა» ლიდერებმა, რომლებიც (ხომ ყველას გვახსოვს) სწორედ გიორგაძეს მიიჩნევდნენ «გრუ»-ს უმთავრეს რეზიდენტად საქართველოში - ეს უკვე «მეტისმეტად» მიიჩნიეს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს თბილისში დაბრუნება. თუმცა თავყრილობამ თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა და სერიოზულად შელახა ასლან აბაშიძის ავტორიტეტი იმ ხალის თვალში, ვინც თბილისში «ამინდს ქმნის».
    პანტელეიმონ გიორგაძე ჯერ კიდევ 1995 წლის არჩევნებისას ასრულებდა ანალოგიურ ფუნქციას. სწორედ მისმა მონაწილეობამ არჩევნებში განაპირობა კიდეც დიდწილად ედუარდ შევარდნაძის გამარჯვება. იგივე მოხდება მომავალი არჩევნების დროსაც. პანტელეიმონ გიორგაძე ვისაც და რასაც მიეკარება ყველაფერი «მტვრად» იქცევა. მით უმეტეს, რომ იგი საქართველოდან აწ გადახვეწილი «კომანდორის» მამაა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით კი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
    აქვე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა თვით იგორ გიორგაძეზე. ისიც იგივე როლს ასრულებს პოლიტიკური ელიტისათვის, რასაც მამამისი, თორემ განა სასაცილო არ არის საუბარი იგორის რაიმე ავტორიტეტზე ნებისმიერ სოციალურ წრეში ან არჩევნებში მის მონაწილეობაზე? რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იგორ გიორგაძეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კონკურენტადაც კი ასახელებდნენ, რაც აშკარად იაფფასიანი პროვოკაცია იყო. კვლავ და კვლავ ძალზე საინტერესო იქნებოდა მისი ამ ხალხთან შეხვედრა რომელიც მას ჯერ კიდევ გუშინ «კრემლის მთავარ მსტოვრად» აცხადებდა. მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებს ხომ არაფრის რცხვენიათ? ეტყობა, იგორ გიორგაძეს მხოლოდ იმიტომ ებრძოდნენ, რომ იგი შევარდნაძის მომხრე ეგონათ. ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ამას წინათ რუსეთის ტელეკომპანია «ტვ-6»-მა ლამის ათწუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა გიორგაძეების ოჯახს. ისიც კი ითქვა, რომ იგორ გიორგაძე აჭარიდან აპირებს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას, რათა დეპუტატის იმუნიტეტი მოიპოვოს და თბილისის პოლიტიკურ სცენას დაუბრუნდეს.
    არა მგონია იგორი ასეთი გულუბრყვილო იყოს. მისი «იმუნიტეტი» უმალვე აორთქლდება, როგორც კი თბილისში შემოდგამს ფეხს. პარლამენტი კენჭს უყრის იმუნიტეტის მოხსნას, თუ, რასაკვირველია, «სახალხო ფრაქცია» მათთვის დამახასიათებელ ორიგინალობას არ გამოამჟღავნებს და «წინააღმდეგ» არ მისცემს ხმას, რაც ძნელი წარმოსადგენია; მაგრამ საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმის თავყრილობის შემდეგ, აღარაფერი უნდა გაგიკვირდეს.
    პანტელეიმონი კი ჭარმაგი კაცია (ყოფილი მესაზღვრეა), ამიტომ მომავალ არჩევნებში უეჭველად მიიღებს მონაწილეობას – კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე.
    ნურავის ეგონება, თითქოს იგი კანდიდატურას მოხსნის ვინმეს (ვთქვათ, აბაშიძის) სასარგებლოდ - ჯუმბერ პატიაშვილი მისთვის არანაკლები ავტორიტეტი იყო, მაგრამ კანდიდატურა მაინც არ მოუხსნია. პანტელეიმონის მონაწილეობა კი იმას ნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე მეორედ გახდება პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ალტერნატივას იგი უეჭველად დაჯაბნის.
    თანაც, ასლან აბაშიძისაგან განსხვავებით, პანტელეიმონ გიორგაძეს თავისი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. «აჭარის ლომი» მას ამ მხრივაც ჩამორჩება, თუმცა, მაგალითად, სოციალისტების ლიდერს გიორგაძის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები არ შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან თავად საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და «ექსპროპრიატორთა ექსპროპრიირების» კომუნისტური ლოზუნგი დიდად არ ეპიტნავება.
    ზოგადად ქართულ პოლიტიკას ერთი უცნაურობაც სჭირს: ქართველი პოლიტიკოსები (ოპოზიციონერები) იმ შემთხვევაშიც არ აპირებენ ერთმანეთს გაემიჯნონ, როდესაც საერთო თითქმის არაფერი აქვთ. მიზეზი გასაგებია: «უნებლიედ» ხელისუფლება რომ არ გააძლიერონ.
    მაგალითად, უკვე სავსებით აშკარაა, რომ არც პანტელეიმონ გიორგაძე და არც ასლან აბაშიძე ვახტანგ რჩეულიშვილს გულზე დიდად არ ეხატება, მაგრამ მათ მაინც არ ემიჯნება. ოღონდ ასეთი ტაქტიკა ყველა პოლიტიკოსისათვის სტრატეგიული მარცხით დასრულდება, ვინაიდან ელექტორატის თვალში ოპოზიცია აღქმული იქნება მთლიან და განუყოფელ ფენომენად. საპირისპირო მიმართულების ოპოზიციონერები ერთმანეთის უარყოფით იმიჯს გააძლიერებენ. პანტელეიმონ გიორგაძე მხოლოდ კატალიზატორი გახდება, თუმცა ძალიან ძლიერი და ხელისუფლებისათვის სასარგებლო პროცესთა კატალიზატორი. თუ ასლან აბაშიძე ამას ვერ ხვდება, არც ისე ჭკვიანი მრჩევლები ჰყოლია, როგორც გვეგონა.

მერიდიანი, 3 ივლისი, 1998 წელი