საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი. 2025 წელი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აფხაზეთში, სადაც თებერვალში უნდა ჩატარდეს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“.

მიმდინარეობს მორიგი სპექტაკლი მოსკოვის დასანახად მას შემდეგ რაც ასეთივე სპექტაკლის შედეგად „დაამხვეს“ ე.წ. „პრეზიდენტი ბჟანია“.

დაამხვეს იმიტომ, რომ ბჟანია, სინამდვილეში არ ასრულებდა ან ვერ ასრულებდა (უფრო „არ“ ვიდრე „ვერ“) მოსკოვის მოთხოვნებს აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების“ მშენებლობის, რუსული კაპიტალისთვის აფხაზური სახელმწიფო (!-იქ ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაა) აქტივების გადაცემის, ახალი ათონის მონასტერში რუსი წინამძღვრის დანიშვნის თაობაზე.

ახლა აფხაზური ელიტები მაქსიმალურად ცდილობენ განაგრძონ ეს „შიდა დაპირისპირების“ სპექტაკლი: „ხელისუფლებას“ წარმოადგენს ბჟანიას „ვიცე“ ბადრა გუნბა, ხოლო ოპოზიციას - ადგურ არძინბა.

თუმცა საინტერესო მოსაზრებები ქვეყნდება აფხაზურ „ფაბლიკებში“: დროის გასაწელად და რუსული მოთხოვნების არდაკმაყოფილებისთვის უმჯობესი და უფრო „ტექნოლოგიური იქნებოდა“ ბჟანიას დამხობის მერე არჩევნები კი არ დაგვენიშნა, არამედ....დროებითი მთავრობა შეგვექმნა, რომელიც ჯერ ღრმა სტრუქტურულ და ეკონომიკურ და სისტემურ რეფორმებს გაატარებდა.....ამაზე ვიტყოდით რომ „დროა საჭირო“ და არჩევნებს მხოლოდ მას შემდეგ დავნიშნავთ, რაც ეს რეფორმები ჩატარდება.....,მოსკოვს ასე მოვატყუებდითო......

 

სასაცილო არ არის? რომელ „ეკონომიკურ რეფორმებზეა“ ლაპარაკი აფხაზეთში?

და რა „სისტემურ რეფორმებზე“?

ანუ, მივაქციოთ ყურადღება, რომ სინამდვილეში ადგურ არძინბასა და ბადრა გუნბას შორის მოსკოვთან მიმართებაში არანაირი სხვაობა არ არსებობს: არც ერთი და არც მეორე არ აპირებს ან „აპარტამენტების“ შესახებ კანონის მიღებას რომც აირჩიონ, არც „რუსული კაპიტალისთვის აქტივების გადაცემას“ რომც აირჩიონ, მაგრამ მას მერე, თუ აირჩევენ, „სათქმელი“ აღარ ექნებათ მოსკოვისთვის, რათა უპასუხონ კრემლის კურატორთა კითხვას: რატომ არ ღებთ გადაწყვეტილებებს?“

აი არჩევნები თუ საერთოდ გადაიდებოდა და „ჯერ რეფორმები უნდა ჩავატაროთ და მერე....“ არგუმენტი (დემაგოგია და ტყუილი სინამდვილეში) ექნებოდათ, მაშინ სხვა არის.

თუმცა კიდევ ერთი ოფცია რჩება და ამასაც აფხაზური ფაბლიკები იტყობინებიან: რომც მოიგოს ის საპრეზიდენტო არჩევნები ბადრა გუნბამ, ადგურ არძინბა და მისი მომხრეები ამ შედეგებს არ ცნობენ, „გაყალბებულად“ გამოაცხადებენ. აფხაზეთში დაიწყება მორიგი დაპირისპირება და მოსკოვს ეტყვიან: „ხომ ხედავთ რა ხდება, რა დროს ეგ არის ახლა---ხალხი ქუჩაშია გამოსული და......“

 

როდის „ამოუვა“ ეს ცრუპენტელობა  ყელში პუტინს და როდის აამოქმედებს ზეწოლის ნამდვილ ბერკეტებს?

მაგალითად საზღვრის დახურვას როდის გადაწყვეტს ფსოუზე?!

 შესაძლოა კიდევ მოითმინოს, რადგან, როგორც ერთხელ უკვე მოგახსენეთ, აპარტამენტებიც, ახალი ათონიც, დიდი პრივატიზებაც, ენერგეტიკაც და საკალმახე მეურნეობებიც განეკუთვნება B კლასის რუსულ სტრატეგიულ ინტერესებს. ამას მოითმენს მოსკოვი. ხოლო A კლასის მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებს (რუსული ჯარები აფხაზეთში, რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში, საზღვაო აკვატორიის დაცვა რუსული გემებით, უკრაინაში აგრესიის მხარდაჭერა აფხაზების მიერ, ჩრდილო კავკასიაში ანტირუსული მოძრაობის მხარდაჭერაზე უარის თქმა აფხაზების მხრიდან) სოხუმი აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს ყველა აფხაზური ხელისუფლების და ყველა აფხაზური „პრეზიდენტობის“ დროს არძინბას ეპოქიდან მოყოლებული.

 

როგორც კი აფხაზები რომელიმე A კატეგორიის  რუსულ სტრატეგიულ ინტერესს შეეხებიან, მოსკოვი მაშინ კი ნამდვილად ჩაკეტავს საზღვარს და გადააგდებს აფხაზეთს „ქვის ხანაში.“

ახლა არ აწყობს და არ „უღირს“ ესოდენ რადიკალური ზომების მიღება.

შესაბამისად, ეს სპექტაკლები გაგრძელდება აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ და ამ არჩევნების შემდეგაც.

არჩევნები 15 თებერვლისთვისაა დანიშნული.

 

თუმცა საუბრები „დროებითი ხელისუფლების“ ჩამოყალიბებაზე მოსკოვის (ბოდიში ჟარგონისთვის) „დასაბოლებლად“...... თითქოს ახლა აფხაზეთში მთავარი საკონსტიტუციო რეფორმაა და საპრეზიდენტოდან - საპარლამენტო მოდელზე გადასვლა......კვლავ გრძელდება და ნამდვილად არაა 100%-ით გამორიცხული ბოლო მომენტში აფხაზურმა ელიტებმა გააუქმონ საპრეზიდენტო არჩევნები და მართლა წამოიწყონ რაღაც ამგვარი სპექტაკლი....... ან არჩევნების მერე გაითამაშონ „სამოქალაქო დაპირისპირება“ , საპროტესტო მიტინგები და უკვე ამის მერე წამოიწყონ ეს საკონსტიტუციო რეფორმა და ა.შ და ა.შ და ა.შ.

არც ერთ შემთხვევაში ისინი არ აპირებენ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას „აპარტამენტებზე“ და „დიდ პრივატიზებაზე“, რაკი ეს გამოიწვევს აფხაზეთის გადაქცევას „სოჭის გაგრძელებად“.

არც ერთ შემთხვევაში!

ამისთვის კი არ მოაწყვეს ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომ ახლა რუსების რაოდენობამ გადააჭარბოს აფხაზების ოდენობას.

 

„საქართველოს თემა“ აფხაზეთში კვლავ სპეკულირების საბაბია: ბლოგერები  წერენ, რომ ბოლო დროს 230 000 დოლარის ღირებულების სათესლე მასალა შეიძინაო აფხაზეთმა საქართველოსგან და ამით მტრული საქართველოს ბიუჯეტი დააფინანსაო.

ანუ თურმე..... თურმე...... სულ არ სჭირდებოდათ ის სათესლე მასალა და ძალით შეასაღა საქართველომ?!

ირკვევა, რომ აფხაზეთის „პრეზიდენტ“ სერგეი ბაღაფშის 2007 წლის (!) ბრძანებულებით, ენგურიდან აფხაზეთში ნებისმიერი პროდუქციის შეტანა აკრძალულია მაგრამ  ამ ბრძანებულებაში  რამდენიმე შესწორებაა (გამონაკლისი) შეტანილი, რომელიც ეხება:

ა) საწვავ-საპოხ მასალებს და ბენზინს

ბ) ავტომანქანების სათადარიგო მასალებს

გ) ავტომობილებს ზოგადად

 დ) სასოფლო სამეურნეო გადამამუშავებელ სიმძლავრეებს ანუ გადამამუშავებელ აპარატებს, ხაზებს და ა.შ.

ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას - ტრაქტორებს და ა.შ.

ვ) კომბინირებული საკვები საქონლისთვის

ზ) საშინაო ცხოველები და ფრინველები

თ) ხსენებული სათესლე მასალები (!)

ი) სანერგე მასალები მრავალწლიანი კულტურებისთვის.

 

ბუნებრივად იბადება კითხვა: კი მაგრამ მთელი ეს წლები ჩამოთვლილი ნომენკლატურა თავისუფლად შედის სეპარატისტულ ეთნოწმენდიან აფხაზეთში ვითომც არაფერი?

ანუ ყველაფერი რაც სჭირდებათ.

აბა სხვა რაღა დარჩა?

 

ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ბადრა გუნბას კანდიდატს (გაუგებარია რატომ და რატომ ჰგონიათ, რომ გუნბა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს?-დ.) რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას ორ  კოლეგას: ტან კვარჩიას და ლევან მიქააას.

ეს მიქაააა სინამდვილეში მიქავაა რასაკვირველია, თუმცა ოღონდ ქართულს არ ჰგავდეს და გვარი ასეთნაირად გადაიკეთა - მიქაააააა.

რამდენი „ა“ არის გვარში, ძნელი დასადგენია სინამდვილეში.

აფხაზურ ფაბლიკებში წერენ, რომ რუსული მოქალაქეობის ჩამორთმევა მიქაააააააა-ს ბევრს ვერაფერს დააკლებსო.

ვერ დააკლებს რადგან მართალია თურქეთში ვეღარ გაფრინდება ადლერიდან, მაგრამ თვით რუსეთში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ და მაღალი ალბათობით საქართველოს პასპორტიც აქვთ, რომლითაც ევროკავშირშიც უვიზოდ მოგზაურობენ ხშირად.

ლევან მიქავა საქართველოშიც ნამყოფია ბევრჯერ. კერძოდ აჭარაში.

თურქეთიდან შემოვიდა ოღონდ და არა ენგურიდან.

ბათუმი დაზვერა და მერე აფხაზეთის „პარლამენტში“ ექსპერტად მოწვეული ყვებოდა, რა ხდება ბათუმის ცათამბჯენებში, რომლებიც „სულ თურქებმა და არაბებმა იყიდესო“ მისი თქმით.

აღსანიშნავია, რომ კვარჩია, მიქააააასგან განსხვავებით, აფხაზეთის პარალმენტის წევრია.

ჯერ ჯერობით სოციოლოგიური კვლევები ასეთ სურათს აჩვენებს:

• Бадра Гунба, кандидат правящей силы – 32%;

• Адгур Ардзинба, лидер Абхазского народного движения – 15%;

• Олег Барциц, бывший торговый представитель Абхазии в РФ – 7%;

• Роберт Аршба, бывший руководитель Контрольной палаты – 5%;

• Адгур Хурхумал, председатель банка «Черноморский банк развития» – 5%;

 

ამ „გააფთრებული პოლიტიკური ბრძოლისას“ აფხაზეთსა და მოსკოვს შორის, რაც ახლა მიმდინარეობს „აპარტამენტების“ და „რუსული კაპიტალის შემოსვლის“ თემებზე, ერთადერთი რაც არ არსებობს აფხაზეთში პროქართული მეგა-ნარატივია.

აი ამას ვერ წამოაცდენ ვერც ერთ აფხაზ არათუ პოლიტიკოსს არამედ საჯარო ფიგურას; ქართველოფობია მათი იდეოლოგიაა მათი„ ჰაერია“, რითაც ისინი სუნთქავენ და უამრავ აფხაზ ბლოგერთან თუ FB  ფრენდთან დისკუსიის დროს  წამოსცდენიათ ჩემთან, რომ ეს გარემოება ძალიან უშლით ხელს რათა გააგრძელონ მოსკოვთან „თამაში“- საქართველოს ფაქტორის გამოყენებით.

ეს პარადიგმა ამჟამად უცვლელია და ალბათ არც შეიცვლება.

არ არის გამორიცხული, თუ მოსკოვმა ნამდვილად ჩაკეტა ბოლოს და ბოლოს საზღვარი, საქმე მივიდეს რუსული სამხედრო „გარადოკების“ ბლოკირებამდე, სადაც რუს კონტრაქტორ სამხედროთა და მესაზღვრეთა ოჯახები ცხოვრობენ

მათი რიცხვი დაახლოებით 10 000-ია.

ბევრი კონტრაქტორი აფხაზეთიდან უკრაინის წინააღმდეგ გადაისროლა მოსკოვმა, მაგრამ მათი ოჯახები ისევ იქ დარჩა.

 როდესაც რუსეთმა დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა აფხაზეთისთვის, აფხაზეთის „დროებითმა“ ხელისუფლებამ მოიმიზეზა ავარია და ამ „Городки“-ს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

 

 ხოლო თუ მოსკოვმა საზღვარი ჩაკეტა უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ აფხაზებს ის ბერკეტი დარჩებათ, რომ არ შემოუშვებენ აფხაზეთში არაფერს, რაც იმ „სამხედრო დასახლებების“ მრავალრიცხოვან მოსახლეობას სჭირდებათ.