პენტაგონი კავკასიით სერიოზულად დაინტერესდა

პენტაგონი კავკასიით სერიოზულად დაინტერესდა

 

    რუსეთის სააგენტო «იტარ-ტასი» რუსული სპეცსამსახურის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული რუპორი იყო ყოველთვის. ამდენად, ამ სააგენტოს ინფორმაციით მოსკოვის ოფიციალურ პოზიციაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ; მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში საინფორმაციო სააგენტო «ტასსი», ანუ «საკდესი» ოფიციალურ განცხადებებსაც აკეთებდა მთავრობის სახელით.
    «იტარ ტასს» პროფილი არც ამჟამად შეუცვლია - ოღონდ უფრო დახვეწილი და რაფინირებული გახდა. რამდენიმე დღის წინ ერთი ძალიან სიმპტომატური ცნობა გავრცელდა: ავტორიტეტული ამერიკული ყიველკვირეულის «იუ-ეს ნიუს ენდ უორლდ რიპორტი»-ს ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროთა ინტერესი სანავთობო რეგიონის მიმართ ორგანიზაციულ სახეს იძენს. პენტაგონში ამჟამად მსჯელობენ, თუ სამხედრო-სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით ამერიკის რეგიონულ სარდლობათა რომელ ზონას უნდა მიეკუთვნოს ეს რეგიონი (იგულისხმება კასპიისა და კავკასიის არეალი).
    ჟურნალისტის აზრით, კავკასია-კასპიისპირეთის «მიწერა» ერთ-ერთ სამხედრო ზონაზე ხელს შეუწყობს კონტაქტების გააქტიურებას ამერიკელ სამხედროებსა და ამიერკავკასიის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს შორის, რაც, თავის მხრივ, კავკასიაში ამერიკის მრავალმილიარდიანი ინვესტიციის დაცვის გარანტია გახდება. აქ, რასაკვირველია, იგულისხმება ამერიკული ნავთობკომპანიების ინტერესები, რომელთაც «საუკუნის პროექტში» უკვე დააბალანსეს მილიარდი დოლარი.
    ეს ინფორმაცია ნათლად მეტყველებს, რომ კავკასიის თანდათანობით გამოსვლა რუსეთის სამხედრო სტრატეგიული სივრციდან რეალობაა და ამ პროცესში კატალიზატორის როლს ნავთობის ფაქტორი ასრულებს. მას კი მნიშვნელობითა და შედეგიანობით არაფერი შეედრება.
    კავკასია კვლავაც დარჩებოდა პერმანენტული კონფლიქტების ზონად და ეს კონფლიქტები მხოლოდ მიყრუებულ რეაქციას გამოიწვევდა დასავლეთში, რომ არა კავკასიის ნავთობი და რეგიონის გეოპოლიტიკური პოტენციალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ამერიკელებს ჯერჯერობით ვერ დაუდგენიათ: ევროპულ სარდლობას «ჩააბარონ» კავკასია, თუ ახლო აღმოსავლურს, სულ ცოტა ხნის წინ კავკასიას ამერიკის ხელმძღვანელობა (ეროპელთაგან განსხვავებით) ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევდა «დასავლეთ აზიის» ნაწილად, მაგრამ ამჟამად ვითარება იცვლება და ამჯერადაც ნავთობით დაინტერესება თამაშობს უმთავრეს როლს.
    როგორც ჩანს, ასრულდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერთა (უპირველესად ირაკლი წერეთლის) ოცნება და მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს სამხედრო მანქანამ კავკასიასაც მიაპყრო ყურადღება.
    ჯერჯერობით, რასაკვირველია, თვისობრივად კავკასიაში ამით არაფერი შეიცვლება. განურჩევლად იმისა, ევროპის სარდლობა განახორციელებს კავკასიის კურირებას სამხედრო-სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, თუ ახლო აღმოსავლეთისა – კავკასია რეალურად რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ კონტროლს ექვემდებარება. თბილისში, ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქსა და ერევანში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, რაც გარკვეულ პოლიტიკურ რეალობას ქმნის რეგიონში, მაგრამ ეს რეალობა მაინც მყიფე და არამდგრადია. იგი უმალვე დაიწყებს დაშლას, როგორც კი კავკასიის ქვეყნები (თუნდაც მხოლოდ საქართველო და აზერბაიჯანი) ღიად დაუპირისპირდებიან რუსეთს და მისი ჯარების გაყვანას მოითხოვენ. ამ შემთხვევაში ამერიკა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს კავკასიაში «შემოსვლისაკენ» და არათუ იმსჯელებს რომელიმე ზონისთვის ამ რეგიონის «მიკუთვნების» შესახებ, არამედ თხუთმეტიდან ერთ-ერთ ავიამზიდს გამოაგზავნის შავ ზღვაში. სავარაუდოა, რომ ეს ავიამზიდი «ინდეპენდენსი» (დამოუკიდებლობა) იქნება.

მერიდიანი, 12 ნოემბერი, 1997 წ.