საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ოქტომბერი. 2023 წელი

გრძელდება გლობალური ჟურნალისტურ/საექსპერტო გამოძიება, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ღაზის საავადმყოფოში ხუთასამდე ადამიანის სიკვდილი დარტყმის შედეგად.

ჯერ ჯერობით ყველა თანხმდება მხოლოდ იმაზე, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება არა საავიაციო ბომბმა არამედ რაკეტამ გამოიწვია.

იმიტომ, რომ ორმო საავადმყოფოს ეზოში (ანუ აფეთქების  ეპიცენტრში) მეტისმეტად პატარაა საავიაციო ბომბისთვის. ზუსტად იმოდენაა, რასაც რაკეტა ტოვებს ხოლმე.

მაგრამ......უცნობია, ვინ გაუშვა ეს რაკეტა: ისრაელი აცხადებს, რომ რაკეტა გაუშვა ღაზის სექტორში მოქმედმა ორგანიზაციამ `ისლამური ჯიჰადი`. გაუშვა ისრაელის მიმართულებით, თუმცა რაკეტა მიზანს ასცდა და ღაზაშივე ჩამოვარდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

საპასუხოდ, თვით `ისლამური ჯიჰადი`, `ჰამასი` და პალესტინური ავტონომიის ხელისუფლება ამტკიცებენ, რომ რაკეტა გაუშვეს ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატიდან.

მიმდინარეობს საინფორმაციო ომი.

და ამ ომში ისრაელს სულ უფრო უჭირს.

მეინსტრიმულ დასავლურ მედიას თუ გადავხედავთ, იგრძნობა ერთგვარი `გადაღლა` ისრაელის პრობლემატიკით, რასაც ღრმა სისტემური მიზეზი აქვს: `ჰოლოკოსტის` საშინელება ისტორიის კუთვნილება ხდება; ისე აღარ `წვავს` როგორც ადრე, ხოლო ისრაელ-არაბული ომი არის `აქ და ახლა`, ეს ომი გაუთავებელია და ბოლო არ უჩანს.

სულ უფრო ბევრი მოითხოვს ისრაელისგან სისტემურ დათმობებს, ანუ პალესტინაში `ორი სახელმწიფოს შექმნას`, რაც ამჟამად უბრალოდ არარეალურია.

 

მივაქციოთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან და მოულოდნელ ფაქტს: გუშინ ვაშინგტონში პოლიციამ დააკავა 200 დემონსტრანტი, რომლებიც შეიჭრნენ კონგრესის შენობაში და ისრაელისგან (!!!) მოითხოვდნენ ომის შეწყვეტას. ხოლო ყველაზე უცნაურ და მოულოდნელი ის არის, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე ამ მრავალათასიანი (! - და არა მარგინალური) დემონსტრაციის მონაწილენი.....ამერიკელი ებრაელები იყვნენ!

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ღაზის საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით. საზრისულად ასე ჟღერდა: მე კი მჯერა, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ, მაგრამ ბევრია ისეთი, ვისაც არ სჯერაო.

 

ისრაელის ვერსიის საწინააღმდეგოდ იმუშავებს ის ფაქტი, რომ როგორც ღაზის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცხადა უკვე აფეთქების შემდეგ, ისრაელმა ისინი წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა: `საავადმყოფოს ევაკუაცია განახორციელეთ, რადგან მანდ იარაღის საწყობია და ჩვენს მაგ ადგილზე დარტყმას ვაპირებთო`.

ეს საავადმყოფო ეკუთვნის ანგლიკანურ ეკლესიას, რომლის ეპისკოპოსმაც დაადასტურა: `დიახ, ისრაელის სამხედროები გვირეკავდნენ, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გვიგზავნიდნენ, რომ ადგილი დაგვეტოვებინაო`.

ისრაელის სამხედროები ამ გაფრთხილებებს არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გაფრთხილებები იყო ნაწილი იმ კამპანიისა, რომ ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაცია მომხდარიყო.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

BBC იტყობინება, რომ ღაზის ქვეშ, გასული 16 წლის განმავლობაში (რაც ისრაელის არმიამ დატოვა სექტორი) `ჰამასმა` ააშენა 500 კილომეტრი სიგრძის გვირაბები.

 იქ ინახავენ იარაღს, იქ ჰყავთ მძევლები, იქ ისვენებენ მებრძოლები, იქ შექმნეს წყლისა და საკვების მარაგები....

ისრაელის დაზვერვამ ეს იცის. შესაბამისად ისრაელის ხელისუფლება ჯერ მაინც ერიდება სახმელეთო ოპერაციას, რაკი სამხედროთა შორის მსხვერპლი უდიდესი იქნება.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს ბირთვული ომის საფრთხე, რომელშიც ``ჯერ რეგიონული ქვეყნები ჩაერთვებიან, შემდეგ კი უკვე დიდი გლობალური ბირთვული სახელმწიფოებიო``.

რას გულისხმობდა? აშკარად გულისხმობდა იმას, რომ ისრაელი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ, თუ ირანი თელ-ავივს დაანგრევს ჩვეულებრივი რაკეტებით (შეუძლია ეს გააკეთოს, რაკი ათასობით `მძიმე` ბალისტიკური რაკეტა დაამზადა ბოლო 20 წლის მანძილზე) ..... ამის შემდეგ პაკისტანი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ისრაელის წინააღმდეგ და ბირთვულ ომში ჩაერთვებიან რუსეთი და ამერიკა.

რამდენად რეალისტურია ეს სცენარი, სხვა საკითხია, თუმცა მედვედევი ზუსტად ამას გულისხმობს ხოლო  მისი ფრაზა მეტყველებს მის მენტალობაზე.

და ეს მაშინ, როდესაც მედვედევი კვლავინდებურად პუტინის `მარჯვენა ხელია` და `რამე რომ იყოს` მის მემკვიდრედაც ითვლება.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ რუსეთმა და ირანმა ერთდროულად გააკეთეს განცხადებები, რომ ამოიწურა `გაერთიანებული ერების ორგანიზაციის` უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი ემბარგო ირანისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებაზე.

ეს ემბარგო მოქმედებდა 2015 წლიდან, როცა პუტინი ჯერ კიდევ `ევაჭრებოდა` დასავლეთს ირანის თემატიკით და ცდილობდა ეს თემატიკა `გაეცვალა` უკრაინაში.

თუმცა, საბოლოოდ არ გამოუვიდა და ახლა მოსკოვი ყველანაირად მიანიშნებს იმავე დასავლეთს, რომ რა თქმა უნდა არ გააგრძელებს ემბარგოს, ანუ მიაწვდის ირანს სარაკეტო ტექნოლოგიებს იმ მომენტუმში, როცა ახლო აღმოსავლეთში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი იწყება. თუმცა ირანს ეს რაკეტები მაინც ჰქონდა. ისინი დამზადებულია საბჭოთა რაკეტა СКАД-ის ბაზაზე.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთი არა მხოლოდ მიაწვდის ახლა ირანს სარაკეტო ტექნოლოგიებს, არამედ იყიდის კიდეც ირანულ რაკეტებს, რომელთა წვდომის სიშორე 1 000 კილომეტრამდეა, რათა ამ ზამთარს  უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბოს.

აქვე:  თუ უკრაინის პრობლემატიკას შევეხებით, გამოიკვეთა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინის ხელისუფლება აიძულოს `გაყინოს` ფრონტის ხაზი იქ, სადაც ამჟამად არის.

იმიტომ, რომ ეს რუსეთს სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს: უკრაინელი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, დაიტანჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დანგრევის შედეგად უშუქობითა და ყინვით მაშინ, როცა უკრაინას არა აქვს ჯერ მაინც საშუალება და უნარი, ანალოგიურ მდგომარეობაში ჩააყენოს რუსეთის მოსახლეობა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკამ `დაავეტოვა` ისრაელის თემაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ბრაზილიამ მოამზადა.

თავისთავად საგანგაშო ფაქტია, რომ ბრაზილია, რომელიც  პოზიციონირებს, როგორც `მესამე მსოფლიოს` ლიდერი ქვეყანა, ამზადებს ისეთ ანტიისრაელურ  რეზოლუციას, რაც რუსეთს მოსწონს, ხოლო ამერიკას - მიუღებლად მიაჩნია.

აქ უკვე `მუშაობს` ბრაზილიის წევრობა BRICS-ში. ანუ `ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის კლუბში`.

მაგრამ ამ `კლუბის` წევრები არიან ასევე ინდოეთი და სამხრეთ აფრიკაც. რუსეთი და ჩინეთი ამჟამად ცდილობენ ისინიც `გადმოიქაჩონ` პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად თავის მხარეს. 

დასავლეთს აქ მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება! იმიტომ, რომ ბრაზილიაც, ინდოეთიც და სამხრეთ აფრიკაც ეკონომიკურად სწორედ დასავლეთზე არიან დამოკიდებულნი ასჯერ უფრო მეტად, ვიდრე რუსეთზე ან ჩინეთზე.

ისინი დასავლური ფულით (IMF, WB) და დასავლური ბაზრებით სარგებლობენ. გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კი პეკინისა და მოსკოვის სასარგებლოდ იღებენ ზოგჯერ.

ამას ამერიკა დიდხანს არ მოითმენს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

გამაოგნებელი განცხადება გააკეთა რუსეთის პატრიარქმა კირილემ. მისი თქმით, რუსეთს თურმე `უფალი დაეხმარა შეექმნა ატომური იარაღი, რაკი ეს იარაღი იქმნებოდა წმიდა სერაფიმ საროველის სასუფეველშიო`.

კირილემ დაამატა, რომ სწორედ წმიდა სერაფიმ საროველის მადლი დაეხმარა რუს ფიზიკოსებს შეექმნათ ბირთვული იარაღი, რომელმაც (ციტატა) `მოგვცა რუსებს საშუალება შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა`

ჯერ ერთი, იმ `რუსული ატომური ბომბის` შექმნაში, რეალურად ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ლავრენტი ბერიამ, რომელმაც ამერიკული ლოს-ალამოსიდან მოიპარა ოპენჰაიმერის ამერიკული ატომური ბომბის ნახაზები და ფორმულები.

თუმცა არანაკლებ საინტერესო სხვაა: პატრიარქი კირილე გულისხმობს, რომ როცა სტალინის ბრძანებით შეიქმნა 1947 წელს სსრკ ატომური ფიზიკის ცენტრი, რომლის რეალური ხელმძღვანელი სინამდვილეში ლავრენტი ბერია იყო, ეს ცენტრი განთავსდა.....სერაფიმ საროველის სახელობის უსპენის მონასტერში. მას ეწოდა ჯერ  `საკონსტრუქტორო ბიურო 11` და შემდეგ ეწოდა «Арзамас-16».

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ აუქმებს ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვას და არ გამორიცხავს, რომ ეს იარაღი გამოცადოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტია: ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო; საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ კალასს ურჩია: `შენ ქმარს მოუარე, სულ ბოლო დრომდე რუსეთში 30 მილიონი ევროს ბიზნესი რომ ჰქონდა, მათ შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგო`