ჩემო კარგო ქვეყანავ.........

ჩემო კარგო ქვეყანავ.........

 

        მკითხველი, ალბათ, უკვე დაიღალა კიდეც «საარჩევნო თემის» გაუთავებელი მუსირებით. არანაკლებ დაიღალა ავტორიც, მაგრამ მთელი ეს საარჩევნო «ორომტრიალი,» ანუ დიდი ქართველი მწერლის სიტყვა-განსაზღვრებით, «ბორიაყი» მაინც შესანიშნავი საშუალებაა არა მხოლოდ თანადროულობის, არამედ უახლესი ისტორიის ტრაგიკულ პერიპეტიებზე სასაუბროდ.
        საოცარია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მიუხედავად შედეგის «წინასწარარსებობისა» (თანაც, ყოველგვარი გაყალბების საჭიროების გარეშეც) – უახლესი ქართული პოლიტიკის, ერთი მხრივ, ტრაგიკომიკური, ხოლო, მეორე მხრივ, საზარელი და შემაძრწუნებელი რეალობა კიდევ უფრო «გაშიშვლდა» და გამომჟღავნდა.
        ჩვენი საზოგადოება (ეს ბევრმა შენიშნა) ისედაც დაავადებულია ერთგვარი «ისტორიზმით», ანუ უახლოესი თუ შორეული ისტორიული მოვლენების პერიპეტიებზე გაუთავებელი საუბარი კვლავინდებურად ინარჩუნებს «პოლიტიკურ აქტუალობას».
        მით უმეტეს, 1988-1993 წლების მოვლენები მართლაც «ცხოვლად დააჩნდა» ქართული საზოგადოების ცნობიერებას, ამიტომ, მსჯელობა ამ თემაზე არა და არ სრულდება. ალბათ, ვერც დასრულდება (ჯერჯერობით), ვინაიდან იმდროინდელ «გმირთა» თითოეული ნაბიჯი მათ მიერვე შექმნილი «საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური» დომინანტების პრიზმით ფასდება.
        ეს საკითხი თითქმის ამოუწურავია და არც ამოიწურება, ვიდრე არა მხოლოდ პოლიტიკოსთა, არამედ საერთოდ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა (ქართველი საზოგადოების, სოციუმის წევრთა) სრულებით ახალი თაობა არ მოვა, რომელიც ნაკლებად იქნება დამძიმებულ-დაბეჩავებული «დანაშაულისა და თანამონაწილეობის» კომპლექსით.
        თუმცა, ზოგიერთი რამ (საკმარისი სიზუსტით) უკვე დღეს შეიძლება ითქვას, მაგალითად, ქვემოთ სათქმელის კონტექსტში ნამდვილად აქტუალურია. ცოტა არ იყოს მოულოდნელი კითხვა: ვინ არის საქართველოს უახლესი ისტორიის ამ პერიოდის (1988-1993 წლები) ცენტრალური ფიგურა? დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის მიღება დღეს თითქმის შეუძლებელია. «კანდიდატურათა» რიცხვი დაახლოებით 5-ს მიაღწევს. რა თქმა უნდა, დაასახელებენ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, ჯაბა იოსელიანს, სხვებსა და სხვებს, მაგრამ არავის მოუვა აზრად, დაასახელოს ის პიროვნება, ვინც «მართლა» უნდა ჩაითვალოს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის «გადამწყვეტი» პერიოდის მთავარ შემოქმედად».
        საკუთარ აზრს არავის ვახვევ თავს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს პრიორიტეტი ეკუთვნის... ირაკლი წერეთელს!
        ვიდრე ვიცინებთ, სჯობს, განვსაზღვროთ მეთოდი: ჯერ უნდა დადგინდეს იმ პერიოდის (1988-1993 წლები) მთავარი მოვლენა, რომელმაც თავის მხრივ განსაზღვრა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესთა განვითარება გარკვეული «ვექტორითა» და მიმართულებით, ხოლო შემდეგ – თვით იმ მოვლენის «ცენტრალური ფიგურა.»
        აი, ამ საკითხზე კი საეჭვოა, «ორი აზრი» არსებობდეს: 1988-1993 წლების უმთავრესი, «განმსაზღვრელი» და (ასე ვთქვათ) «მაპროფილებელი» მოვლენა, რომელმაც საბედისწეროდ განაპირობა და განსაზღვრა (ეგრეთ წოდებული «დომინოს პრინციპით») ყველა სხვა მოვლენა – უდავოდ იყო 9 აპრილის ტრაგედია.
        ეს არის ძირითადი და ერთადერთი «ათვლის წერტილი». სწორი «ათვლის წერტილი» კი, ადრე თუ გვიან, უეჭველად განაპირობებს მართებულ დასკვნას.
        ამასთანავე, ირაკლი წერეთელმა საკუთარი თავის ფასი შესანიშნავად იცის და (რაც ძალზე ნიშანდობლივია) მას ადრე თვითონაც არაერთგზის გაუკეთებია განცხადება 9 აპრილის ჭეშმარიტი «ავტორობის» თაობაზე – განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საბედისწერო მიტინგის ინიციატორად და ორგანიზატორად ზვიად გამსახურდია მიიჩნეოდა.
        ამ უკანასკნელის სრული პოლიტიკური უნიჭობისა და უნიათობის, აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობის (უფრო ზუსტად, პასუხისმგებლობის მისი «წილის») მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ კონკრეტულად 9 აპრილის მოვლენა უფრო მეტად სწორედ ირაკლი წერეთლის სახელს უნდა უკავშირდებოდეს, ვიდრე მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, თამარ ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის და იმდროინდელი «მოძრაობის» სხვა ლიდერებისას.
        ბოლო დრომდე ირაკლი წერეთელი ამას ამაყად და «ომახიანად» ამბობდა, თუმცა, ბოლო დროს, ანუ მას შემდეგ, რაც «ურემის გადაბრუნების» კვალობაზე, ქართულმა საზოგადოებამ იმდროინდელი ფსიქოლოგიური «დომინანტებისადმი» უფრო კრიტიკული პოზიცია დაიკავა და ადრინდელ ფასეულობათა «დევალვაციის» პროცესიც დაიწყო – მის პოზიციას «ომახიანობა» მოაკლდა.
        მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიისათვის მიცემულ ინტერვიუში «მოძრაობის» მთავარი მოვლენის მთავარმა «შემოქმედმა» მეტად ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. შეიძლება «წამოსცდა» კიდეც – მილიონიანი აუდიტორიას მონატრებულმა, ემოცია ვეღარ დაფარა: «9 აპრილამდე, საქართველოს ეროვნული მოძრაობის, ისეთი აღიარებული ლიდერებიც კი, როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, აკაკი ბაქრაძე, ლაპარაკობდნენ «კონფედერაციაზე», ხოლო 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს სრულიად დამოუკიდებლობა საყოველთაო-სახალხო მოთხოვნად იქცა».
        ირაკლი წერეთლის ამ ფრაზაში ყველაზე ზუსტად დასრულდა «გაშიფრული» 9 აპრილის არსი და მოვლენის «შემოქმედის» მოტივაცია, რაც ბოლო დრომდე ასე თუ ისე დაფარული იყო.
        მთავარი ისიც კი არ არის, თუ რამდენად მართებული ან ჭკვიანური იყო თუნდაც «კონფედერაციის» აშკარა მოთხოვნა - უფრო მეტად მნიშვნელოვანია სწორედ 9 აპრილის მოტივაცია.
        თავის მხრივ, ეს მოტივაცია კი, უმჭიდროესად უკავშირდება დღევანდელ დისკუსიებს 9 აპრილსა და მთლიანად «მოძრაობის ეპოქის» მოვლენათა გამო პასუხისმგებლობის პერსონიფიცირების თაობაზე.
        საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, ამ დისკუსიამ ერთობ «ცხოველი ხასიათი შეიძინა...

X X X
        ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, იმ დაუვიწყარი ეპოქის მეორე «მთავარმა გმირმა» და ირაკლი წერეთლის ძირითადმა ვიზავიმ – ჯუმბერ პატიშვილმა «ჩემო კარგო ქვეყანავ» იმღერა.
        მის «საწინააღმდეგო პროპაგანდად» ნურავინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვი, რომ სიმღერა არ გამოუვიდა – რა მოხდა მერე? არ არის აუცილებელი, ყველას გოგი დოლიძის ნიჭი, ხმა და სმენა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსის ნიჭი ისედაც უიშვიათეს ნიჭთაგანია, ხოლო ორი-სამი ნიჭი ერთდროულად თითებზე ჩამოსათვლელ გენიოსებს ახასიათებდათ. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად უბადლო მხატვარიც იყო და გენიალური კონსტრუქტორიც.
        ერთი სიტყვით, ჯუმბერ პატიაშვილს სიმღერა არ გამოუვიდა, მაგრამ ისე გულწრფელად მღეროდა (ლამის ტიროდა) ეს საცოდავი, რომ ამ სიმღერამ დაახლოებით ოცი-ოცდაათი ათასი ხმა კიდევ შესძინა, რაც, რასაკვირველია, არ არის საკმარისი გამარჯვებისათვის.
        თუმცა, პატიაშვილის გოდება მაინც გვაფიქრებინებს, რომ მას იმდენად არჩევნებში გამარჯვება არ ადარდებს (საკუთარ შანსებს, ალბათ, რეალისტურად აფასებს), რამდენადაც გულის მოოხების, თავის მართლებისა და პიროვნული რეაბილიტაციის მწველი სურვილი.
        უეჭველია, რომ 9 აპრილიდან განვლილი მთელი 11 წლის განმავლობაში ჯუმბერ პატიაშვილს სწორედ ის სტანჯავდა, რომ არ დარჩენილიყო ქართველი ხალხის მეხსიერებაში «9 აპრილთან», ანუ უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტასთან ასოცირებულ «პირსისხლიან ავაზაკად».
        არც დარჩენილა. ფაქტია, რომ არავითარი სიძულვილი ჯუმბერ პატიაშვილისადმი საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს. ქართველიო ხალხის ერთ-ერთი ღირსება (უამრავ ნაკლთან ერთად) ისიც არის, რომ მას სიძულვილი არ ეხერხება. მით უმეტეს, «ისტორიული სიძულვილი». მაგალითისთვის შეგახსენებთ საოცარ ფენომენს: «ლამბალოს» სახეს მიხეილ ჯავახიშვილის «ლამბალო და ყაშადან». მკითხველი მიმიხვდება, რასაც ვგულისხმობ (ქართულ-თურქული ისტორიული ურთიერთობების გათვალისწინებით).
        გარწმუნებთ, მთელი დიდი (მართლა «დიდი») სომხური ლიტერატურა რომ გააანალიზოთ, გამოწვლილვით, გენიალური მესროპ მაშტოციდან – ოვანეს თუმანიანამდე – ლამბალოს მსგავს სახეს ვერ აღმოაჩენთ.
        რაც მთავარია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, კარგია ეს თუ ცუდი, ან რომელია უფრო ნორმალური. ამიტომ, როგორც ფილოსოფოსები იტყვიან, «მივიღოთ, როგორც არსებული» და დავუბრუნდეთ ისევ ჯუმბერ პატიაშვილის საწყალობელ, გულწრფელ კვნესა-სიმღერას.
        ვიმეორებ: არავითარი სიძულვილი ჯუმბერ პატიაშვილის მიმართ ქართველ ხალხს არ ჰქონია (პატიაშვილი კი არა, გენერალი როდიონოვი არ სძულს მაინცდამაინც. – ავტ.), მაგრამ თავისი დღევანდელი ქმედებითა და დღევანდელი ალიანსებით, ჯუმბერ პატიაშვილი იმდენს იზამს, მართლაც (როგორც ჩვენში იტყვიან) «ძალით» დააკავშირებინებს მასობრივ ცნობიერებაში საკუთარ თავს «9 აპრილის» საზარელ ტრაგედიასთან.
        პატიაშვილის უბედურება ის არის, სამწუხაროდ, რომ ზემოთხსენებულ ნიჭთაგან მას არც პოლიტიკოსის ნიჭი აღმოაჩნდა. ამჟამინდელი აქტიურობით კი, თანდათან, განუხრელად, გულწრფელად და მიზანმიმართულად მიჰყავს ქართული საზოგადოებრივი აზრი იმ უდავო დებულების შეხსენება-გახსენებამდე, რომ 9 აპრილამდე საქმე სწორედ პატიაშვილის (როგორც პოლიტიკოსის) უმწეობა-უნიათობამ მიიყვანა და რომ მისი ისტორიული დანაშაულია არა თვით 9 აპრილი, არამედ ის, რომ მიიყვანა (მიუშვა) საქმე 9 აპრილამდე, საერთოდ დაუშვა «საქმის აქამდე მისვლა» და შემდგომ (ანუ 9 აპრილის შედეგად) ასე ადვილად «გადააბარა» ფაქტობრივი ძალაუფლება იმ ბრძენ, განათლებულ და ზნეობრივად «უმწიკვლო» დაჯგუფებას, რომელიც, ფაქტობრივად, მართავდა საქართველოს 9 აპრილიდან – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ესე იგი კიდევ ერთი «გულწრფელი რაინდის» - გივი გუმბარიძის ეპოქაში.
        სხვათა შორის, ეს პერიოდი (9 აპრილიდან – 28 ოქტომბრამდე) ირაკლი წერეთელმაც დიდი გულისტკივილითა და ტკბილი ნოსტალგიით გაიხსენა ტელეინტერვიუში.
        პოლიტიკოსის არაკომპეტენტურობა იგივე დანაშაულია – ამ დებულების მართებულობას კაცობრიობის მთელი ისტორია ადასტურებს.
        თუმცა, ეს საკითხიც მხოლოდ «მეორადია». დავუბრუნდეთ ისევ იმ ფრაზას, რომელიც «წასცდა» ირაკლი წერეთელს: «9 აპრილამდე ეროვნული მოძრაობის ისეთი მოღვაწენიც კი...», შეგახსენებთ, რომ მაშინ, ამ «მოძრაობის» ლიდერებს სიტყვა – ცნება «კომპრომისს» ვერ გააგონებდი. რაო, კომპრომისიო?!! რაო, თანამშრომლობაო?!! ვისთან?! ვისთან!!!!..ამათი . . . .
        ეს მერე, ათი წლის შემდეგ, როდესაც მყარად «ჩაჯდნენ» ისტორიის სანაგვეში, გაახსენდათ, რომ, თურმე, ნუ იტყვით, პოლიტიკაში კომპრომისი (ტაქტიკური უკუსვლა, ურთიერთდათმობა, დიალოგი, პოზიციათა შეჯერება და ასე შემდეგ) მაინც საჭირო ყოფილა.
        ოღონდ ამას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რაც იმ სანაგვეში აღმოჩნდნენ და «უცნაური ალიანსები» შეკრეს, თორემ, «მოძრაობის გარიჟრაჟზე» ყველა, ვისაც ეს საშინელი სიტყვა («კომპრომისი,», «დიალოგი») წამოსცდებოდა, უმალვე ცხადდებოდა «პროვოკატორად», «ერის მოღალატედ» და «სუკის აგენტად».
        ამიტომაც, «მოძრაობის» რადიკალურ ფრთას «კონფედერაციის» ხსენებაც ისევე აცოფებდა, როგორც «კომპრომისი» ან «საბჭოური არჩევნები» და საერთოდ, «არსებულ, იმპერიულ სტრუქტურებში ინკორპორაცია».
        აქედან გამომდინარე (სათქმელიო უნდა ითქვას), დიახაც სჭირდებოდათ «9 აპრილი», რომ სათავეში მოქცეოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს და არ დაეშვათ მოვლენების განვითარება «ბალტიური» ან თუნდაც «მოლდოვური» გზით, ვინაიდან ამ გზაზე მათი ადგილი არ იყო – თავის თავს ისინი ამ გზაზე ვერ იპოვიდნენ: «ბალტიის» გზა გულისხმობდა რაციონალიზმს, რეალიზმს, ევოლუციურობას და არათუ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, ზოგადად ისტებლიშმენტთან (ანუ, ეგრეთ წოდებულ, «წითელ ინტელიგენციასთან»), არამედ ამ ისტებლიშმენტისა და თვით ხელისუფლების ქცევას «წამყვან» ძალად.
        მაგალითად, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში სწორედ «საბჭოური ისტებლიშმენტი» გაერთიანდა «სახალხო ფრონტებში» და მოქმედებდა (პირველ ეტაპზე) ადგილობრივი კომუნისტური სტრუქტურების მეშვეობით, მათი გამოყენებით. ამ სტრუქტურებს კი (მაშინ) ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ.
        სწორედ ამის ეშინოდათ ყველაზე მეტად «9 აპრილისა» და «მოძრაობის» შემოქმედ-ლიდერებს.
        დღემდე არავის უთქვამს სიმართლე: მათ ჭირის დღესავით სძულდათ და ეზიზღებოდათ ჩვეულებრივი ქართველი «ობივატელი», ვინაიდან იგი, უმრავლეს შემთხვევაში, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც ისინი «იდეისთვის» ციხეებსა და «ლაგერებში» იტანჯებოდნენ.
        ამიტომ, სრულებითაც არ მიაჩნდათ «ცოდვად», თუ ამ ობივატელთაგან თუნდაც რამდენიმეს «შესწირავდნენ» იდეას, რათა არ დაეშვათ მოვლენათა განვითარება «ბალტიური გზით», ანუ არ დაეშვათ ევოლუცია, ვინაიდან ევოლუციურ პროცესში (ვიმეორებ) მათი ადგილი არ იყო – ისინი საკუთარ თავს იპოვიდნენ მხოლოდ რევოლუციაში, მხოლოდ ნგრევის, სისხლისღვრის, საყოველთაო დესტაბილიზაციის პირობებში.
        ამიტომ სჭირდებოდათ 9 აპრილი, სურდათ 9 აპრილი, რათა არ გაემარჯვა მათთვის ძალზე საშიშ «დემოკრატიული არჩევნების» და «კომუნისტური რეჟიმის არჩევნებით შეცვლის» იდეას.
        ამიტომაც შეთითხნეს, ეგრეთ წოდებული «კონგრესი» და სხვა «პარალელური სტრუქტურები», მაგრამ «კონგრესის» იდეა რომ დომინანტად ქცეულიყო, ამისთვის აუცილებლად ესაჭიროებოდათ ისეთი მოვლენა, რომელიც თხემით-ტერფამდე შესძრავდა თითოეულ «ქართველ ობივატელს» (იმავე ნორმალურ ადამიანს), შესძრავდა მთელ საზოგადოებას, ანუ ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ, მათ სჭირდებოდათ 9 აპრილი, უნდოდათ 9 აპრილი (და, სამწუხაროდ, ჯუმბერ პატიაშვილის უნიჭობისა და უნიათობის წყალობით, მიაღწიეს კიდეც საწადელს!
        გენიალურ რუს მწერალს, თევდორე დოსტოევსკის რომანში «ეშმაკეულნი» უდიდესი მხატვრული ძალით აქვს აღწერილი ეს «მენტალიტეტი» - განსაკუთრებით, ძალზე ნიშანდობლივი ზიზღი და სიძულვილი «ობივატელისადმი», რომლის «შეწირვა» იდეისთვის სავსებით ნორმალურად მიიჩნევა.
        თანაც არა საკუთარი თავის შეწირვა, არამედ სხვისი, ვინც მონობასთან «შემრიგებლობით» თურმე, «თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი».
        შემდგომ ტვინში «გვიჭედავდნენ»: «დოსტოევსკის ეშმაკეულნი» ბოლშევიკებს გულისხმობდაო». მტკნარი სისულელეა! როდესაც დოსტოევსკი ამ გენიალურ რომანს ქმნიდა, მაშინ რუსეთში ბოლშევიზმის ნასახიც არ იყო – დოსტოევსკი გულისხმობდა რევოლუციონერს ზოგადად და არა ბოლშევიკებს ან სოციალისტებს კონკრეტულად. იგი აღწერდა რევოლუციონერის მენტალიტეტს. სწორედ ამ მენტალიტეტის მატარებელნი იყვნენ დოსტოევსკის ეპოქის დროინდელი «ნაროდნიკ-რადიკალები», 20-იანი წლების ქართველი კომკავშირლები და 80-იანი წლების ქართული «მოძრაობის» ლიდერები – უკლებლივ ყველა, თითქმის გამონაკლისის გარეშე.
        მაგრამ ისინი ვერ შეძლებდნენ თავისი განწყობა, საკუთარი მენტალიტეტი მოეხვიათ თავს თუნდაც იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც «შესაწირ ცხვრის ფარად» შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე – რომ არა ჯუმბერ პატიაშვილის სრული უნიჭობა და უნიათობა.
        საქმე ის არის, რომ ზემოთ ხსენებულ «ობივატელს», მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური (არარევოლუციური) მენტალიტეტი ჰქონდა, სწორედ ამ «ნორმალურობიდან» გამომდინარე, ჭირის დღესავით სძულდა ის ჩახუთული, ჩამყაყებული, გახრწნილი და უსამართლო სოციალური წყობა (კომუნისტური რეჟიმი), რომელშიც ცხოვრება უხდებოდა.
        სწორედ ამ განწყობით, ამ ანტიკომუნისტური სიძულვილით ისარგებლეს «მოძრაობის» ლიდერმა ნეობოლშევიკებმა – ამით მოიზიდეს ხალხი თავიანთ «აქციებზე» და არა ფსევდოეროვნული ლოზუნგებით.
        მათ მიტინგებზე ის «ობივატელი» სწორედ იმიტომ მიდიოდა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო იმ საზიზღარი რეჟიმის ჩახუთულ ატმოსფეროში, სადაც (ელემენტარულად) «ვიდეოფილმებიც» კი «სოციალური პრივილეგია» იყო.
        ანუ ეს იყო უფრო სოციალური, ვიდრე «ეროვნული» პროტესტი.
        ამიტომ, ჯუმბერ პატიაშვილი რომ ჭკვიანი პოლიტიკოსი ყოფილიყო, იგი ჯერ კიდევ 1987-1988 წლებში მიხვდებოდა: აუცილებელი ხდებოდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დაარწმუნებდა საზოგადოებას (იმავე ობივატელს), რომ ცხოვრება იცვლება, სოციალური წყობის ტრანსფორმაცია იწყება, ბოლოს და ბოლოს, მას ექნება საშუალება, თვითონ აირჩიოს ხელისუფლება და ასე შემდეგ.
        მივაქციოთ ყურადღება: ბალტიის ქვეყნებში უკვე 1988 წლიდან ძირითადი თეზისი და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი გახდა «დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები». ჯუმბერ პატიაშვილს ამას ვერც გააგებინებდი – ამაში მისი ინტერესები დაემთხვა «მოძრაობის» ლიდერთა ინტერესებს, ანუ ორივე (სხვადასხვა მოტივით) ილაშქრებდა «არჩევნების» თვით იდეის წინააღმდეგ.
        ჯუმბერ პატიაშვილი, დღეს რომ «საწყალობლად მღერის», რათა 9 აპრილის ტრაგედიაში თავისი «უდანაშაულობა» დაამტკიცოს – სინამდვილეში არანაკლებ დამნაშავეა და არანაკლებ ეგოისტურად მოიქცა, ვიდრე მისი უწინდელი «მტრები» და «აწინდელი მეგობრები».
        ჯუმბერ პატიაშვილს თუ 9 აპრილის (ყველა გრძნობდა, რომ იგი «ზვავივით» ახლოვდებოდა) თავიდან აცილება სურდა, მას უკვე 1988 წლის ნოემბერში, როდესაც «მოძრაობამ» პირველი პროვოკაციული აქცია მოაწყო – თვითონ უნდა წამოეყენებინა «არჩევნების» ლოზუნგი (ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებში).
        დარწმუნებული ვარ, ამ წინადადებას მთელი საზოგადოება «აიტაცებდა», მაგრამ პატიაშვილმა ეს არ გააკეთა ან უნიათობით, ან ეგოიზმით – აირჩიოს თვითონ, რომელიც ურჩევნია. ოღონდ გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკოსისთვის უნიათობა იგივე დანაშაულია.
        9 აპრილამდელ საზოგადოებრივ ატმოსფეროში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისას უეჭველად გაიმარჯვებდა ლიტვური «სოიუდისის» მსგავსი ორგანიზაცია (ვთქვათ, იგივე რუსთაველის საზოგადოება» ან სხვა), რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავდა პრობლემებს, შეცდომებს, თუნდაც გართულებებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არა ისეთ უბედურებას, რაც 9 აპრილს მოჰყვა – საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეყნის ნგრევის თვალსაზრისით.
        მთავარი იყო ისტორიული იდეის წამოყენება, თორემ თვით არჩევნები შეიძლებოდა 1989 წლის შემოდგომაზეც გამართულიყო.
        აი, სწორედ ეს არის ჯუმბერ პატიაშვილის ისტორიული დანაშაული და არა საკუთრივ 9 აპრილის სისხლისღვრა, ვინაიდან რაკი მივიდა საქმე 9 აპრილამდე, რაკი დაიწყო საბედისწერო მიტინგი, შემდგომ უკვე ყველაფერი გარდაუვალი გახდა. «მოძრაობამ» თავისას მიაღწია და სისხლის (სხვათა სისხლის) ფასად პროცესებს სათავეში მოექცა.

X X X
        9 აპრილის ხოცვა-ჟლეტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მომიტინგეებთან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მივიდა (პატიაშვილის წინადადებით) და დაშლისკენ მოუწოდა. ნიშანდობლივია, რომ 10 წელი დასჭირდა «ამღვრეულ-აფორიაქებული» საზოგადოებრივი ცნობიერების «დაწმენდას», რათა შეგვეგრძნო და აღგვექვა სრული მარაზმი იმ სცენისა, რაც ამ მოწოდებას მოჰყვა: 16-საუკუნოვანი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის გვერდით მდგომმა საერო პირმა ხალხს «მამაო ჩვენო» წააკითხა!!!
        ეს იყო არა «ზნეობრივი გამარჯვება», როგორც გვიმტკიცებდნენ, ტუტუცურად, არამედ საზოგადოების დაცემა-დეგრადაციის ფსკერი. ამაზე დაბლა დაშვება უკვე შეუძლებელია. თუმცა, ახლაც შეგეკამათებიან, «როგორ არ შეიძლებოდაო» - რატომ? – იმიტომ, რომ... «ილია შიოლაშვილი სუკის აგენტი იყოო», ანუ «ამიტომ შეიძლებოდა».
        ვაი, ჩვენს პატრონს!

XXX
        ჯუმბერ პატიაშვილმა მართლაც «იმდენი ქნა», საზოგადოების ამჟამინდელი განწყობის გათვალისწინებით, თვითონ დაამკვიდრა სავსებით მართებული აზრი საკუთარი «ბრალეულობის» თაობაზე, ანუ «უკუშედეგი» მიიღო.
        რაც შეეხება მის პარტნიორებს, - ისინი რატომღაც არ ითვალისწინებენ, რომ მეტად «საშიშად» აღიზიანებენ «ობივატელს» და ამ გაღიზიანებამ ნებისმიერი საბაბით, შეიძლება ციხემდეც მიიყვანონ, ვინაიდან ხელისუფლება კარგად გრძნობს ამ განწყობას და უეჭველად გამოიყენებს კიდეც.

XXX
        არც ის არის საოცარი, თუ «მთავარი გმირი» კითხვაზე:. უკან რომ დაგაბრუნონ, 11 წლის წინათ, ისევ ისე მოიქცეოდით? – ამაყად, ყელმოღერებით პასუხობს: «რა თქმა უნდა».
        დიახ, «რა თქმა უნდა» - მას ხომ ამ 11 წლის განმავლობაში თავიდან თმის ღერი არ დავარდნია.
        16 წლის თამუნა ჭოველიძემ იკითხოს – კუკიის სასაფლაოს ცივ მიწაში რომ წევს.

დილის გაზეთი, 3 აპრილი, 2000 წელი