ხელისუფლების გამოსავალი მხოლოდ რადიკალური რეფორმებია

ხელისუფლების გამოსავალი მხოლოდ რადიკალური რეფორმებია

  

    არჩევნების მოახლოება საქართველოში თანდათან განმსაზღვრელი პოლიტიკური ფაქტორი ხდება. ჩვენი ქვეყანა უახლოვდება ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს (ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს), რომელშიც ორი ძირითადი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კონცეფცია ებრძვის ერთმანეთს: მემარჯვენე ლიბერალური და მემარცხენე-სოციალისტური.
    თანდათან ყალიბდება ვითარება, როცა პოლიტიკური ძალები გარკვეულ სოციალურ შრეთა ინტერესების გამომხატველნი ხდებიან. ეს სოციალური შრეებიც უფრო ნათლად აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს. «სიმპატიათა» არჩევნების ეპოქა საქართველოში დასასრულს უახლოვდება, მომავალი არჩევნები უკვე ინტერესთა გამოვლინება და გამოხატულება იქნება. მაშასადამე, ვითარების პროგნოზირებისას საკითხი უნდა დაისვას შემდეგნაირად: რომელი პოლიტიკური ძალის («მემარცხენე თუ მემარჯვენე პარტიების) სოციალური ბაზა იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, რომელი გადასწონის (ელემენტარულად რიცხოვნობით) კენჭისყრისას და მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას?
    ოღონდ, საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, აქ ერთ მომენტს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება: ჩვენში მოსახლეობა ჯერ კიდევ იძულებულია თვისებრივი არჩევანი გააკეთოს ანუ ნდობა (ან უნდობლობა) გამოუცხადოს მთლიანად «ხელისუფლების პარტიას». ფაქტობრივად, ამ თვალსაზრისით, არჩევნები არის რეფერენდუმი ხელისუფლების კურსისადმი «ნდობის ვოტუმის» დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
    დასავლეთის ქვეყნებში ამგვარი რამ აღარ ხდება - ხელისუფლებას (როგორც ასეთს) ჰყავს დასაყრდენი ე.წ. «საშუალო ფენის» სახით, რომელიც სხვადასხვა ვითარებაში ხან ოდნავ «მარცხნივ» იხრება, ხან «მარჯვნივ» - ვინაიდან თვისებრივად (ვიმეორებ) საკითხი იმ ქვეყნებში უკვე გარკვეულია და გადაწყვეტილი.
    საქართველოში მაინც სხვა ვითარებაა - «საშუალო ფენა», რომელიც ამჟამად ყალიბდება, იძულებული იქნება ერთმნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი «ხელისუფლების პარტიას», რათა უზრუნველყოს ლიბერალური რეფორმის გაგრძელება და დასრულება.
    ალტერნატივის საშუალება მას არ გააჩნია, ვინაიდან, «მემარცხენეები» სინამდვილეში გამოხატავენ იმ სოციალურ ფენათა ინტერესებს, რომლებიც სწორედ სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი რეფორმების შეწყვეტასა და დასამარებაში.
    საქართველოში «ევროსოციალიზმზე» საუბარი ძალზე ნაადრევია, - მემარცხენე ელექტორატს შეადგენს არა «საშუალო ფენის» ნაწილი, არამედ უფრო დაბალი სოციალური ფენები, რომელთაც საბაზრო ეკონომიკას ფეხი ვერ აუწყვეს, საკუთარი ნიშა ვერ იპოვეს და (რაც მთავარია) ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა, ვისთვისაც «საბჭოთა ბაზრის, ნედლეულის, კოოპერაციის» დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია.
    მაგალითად, «საბჭოთა საქართველოში» მრავლად იყო ისეთი საწარმო და ისეთი დარგი, რომელსაც ნორმალური ფუნქციობა მხოლოდ «ერთიანი სახელმწიფოს» (საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში შეეძლო, დამოუკიდებელ საქართველოს ეს დარგები არ სჭირდება. არა იმიტომ, რომ მათ მოგების მოტანა არ შეუძლიათ, არამედ ზემოხსენებული მიზეზით - რაკი საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რაკი იაფი ნედლეული რუსეთიდან აღარ მოედინება, ხოლო უბაჟოდ პროდუქციის შეტანას იმავე რუსეთში ან უკრაინაში არავინ დაგანებებს, - ამ დარგების განვითარება უპერსპექტივო გახდა.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც ყოველთვის უმოწყალოდ პრაგმატული და ცინიკური ლოგიკით მოქმედებს, ეს უმალვე შენიშნა და ხელისუფლებას კრედიტების სანაცვლოდ კატეგორიულად აუკრძალა ნებისმიერი სახის დოტირება. პრინციპი ასეთია: უნდა განვითარდეს მხოლოდ ის დარგი, რომელსაც ეკონომიკური პერსპექტივა გააჩნია. ყველა დანარჩენი კი (თუ დოტაციის გარეშე არსებობა არ ძალუძთ) გაუქმდეს. დამოუკიდებელ საქართველოს (განსხვავებით «საბჭოთა საქართველოსაგან») ეს დარგები არ სჭირდება.
    ბუნებრივია, ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია «წითელ დირექტორთა» კორპუსისთვის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს კორპუსი მოსახლეობის ერთ მეასიათასედსაც არ შეადგენს, ამიტომ ძირითადი საკითხი ის არის, მოასწრო თუ არა «უპერსპექტივო დარგების» ასეულობით ათასმა მუშაკმა განვლილი წლების განმავლობაში კვალიფიკაციის შეცვლა, - სხვა სოციალური ნიშის მოძებნა.
    საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე მარტივი მაგალითებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ: ყოფილი სოციალისტური შრომის გმირი, რომელიც «საკავშირო მნიშვნელობის» საწარმოში მუშაობდა და ახლა იძულებულია ისნის ბაზრობაზე ქამრებით ან სიგარეტით ივაჭროს, როგორი დაბოღმილიც უნდა იყოს ამ ხელისუფლებაზე, არჩევნებში მხარს მაინც «ხელისუფლების პარტიას» უნდა უჭერდეს, ვინაიდან წარსულ სტატუსს ვეღარ დაიბრუნებს, ხოლო მიგნებული სოციალური ნიშის დაკარგვის რისკი ემოციათა მოთოკვას აიძულებს. ამიტომაც ვამბობ, რომ მომავალი არჩევნები «ინტერესთა არჩევნები» იქნება, ინტერესი კი სიმპათიას შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს.
    მაშასადამე, მთავარია, რამდენად ფართოა ამჟამად ის ელექტორატი, რომელმაც საბაზრო რეფორმათა პროცესში სოციალური ნიშის შეცვლა (ახლის მოპოვება) შეძლო; თუ ამ კატეგორიის ამომრჩეველი უმრავლესობას არ წარმოადგენს, «ხელისუფლების პარტია» უეჭველად დამარცხდება და პირიქით - იგი უეჭველად გაიმარჯვებს, თუ ახალი სოციალური ფუნქციის შემცველნი უმრავლესობას შეადგენენ.
    ასე იქმნება საოცარი პარადოქსი: ხელისუფლებას, რომელიც ლიბერალურ რეფორმას ატარებს, მხოლოდ ამ რეფორმის კიდევ უფრო რადიკალიზაციითა და გამკაცრებით შეუძლია შეინარჩუნოს პოზიციები. ნებისმიერი «სოციალური ექსპერიმენტი», მოსახლეობის «გულის მოლბობის» მცდელობა, დოტაციები, ერთი სიტყვით, მემარჯვენე და მემარცხენე კურსის კონვერგენციის მცდელობა მხოლოდ დააჩქარებს ხელისუფლების კრახს, ვინაიდან შეზღუდავს მის ელექტორალურ დასაყრდენს.
    ჯერჯერობით ხელისუფლება სწორედ ამ, მისთვის დამღუპველი გზით მიდის. ნაცვლად შიდა ინვესტირების ზრდისა (სოფლის მეურნეობასა და მრეწველობის პერსპექტიულ დარგებში) თანხების გამოიყენება სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.
    უფრო სწორად, სიმბოლური, წმინდად პროპაგანდისტული აქციების განსახორციელებლად, რომელთაც რეალური შედეგი არ მოაქვთ. პრეზიდენტი კი წლიდან-წლამდე, ბიუჯეტიდან-ბიუჯეტამდე ზრდის სოციალური ხარჯებისთვის განკუთვნილ თანხას, რათა საშუალება ჰქონდეს თქვას, რომ «სახელმწიფო ეხმარება თანამოქალაქეებს». სინამდვილეში დახმარება სიმბოლური ხასიათისაა და ამ გზით ხელისუფლება მის გულს ვერ მოიგებს. იმ ადამიანის გულს, ვისთვისაც შექმნილი ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში მოუთმენელი და მიუღებელია. ეს ადამიანი სიყვარულით ან სიძულვილით გააკეთებს არჩევანს, - იგი არ მისცემს ამა თუ იმ პარტიას ხმას მხოლოდ იმის მიხედვით, მოსწონს თუ არა მისი ლიდერი (როგორც 1990 წლის 28 ოქტომბერს), არამედ კენჭისყრით გამოხატავს თავის სოციალურ ინტერესს - შეინარჩუნოს პოზიცია, სოციალური ნიშა, რომელიც მოიპოვა რადიკალური საბაზრო რეფორმის პროცესში, თუნდაც ეს პოზიცია ნაკლებ პრესტიჟული და მისთვის ნაკლებ სიმპათიური იყოს, ვიდრე ის, რომელიც «კომუნისტების დროს» ეკავა.
    ამიტომ ჭკუათმყოფელმა ხელისუფლებამ სრულიად ფუჭი და უსარგებლო «სოციალური ჰუმანიზმით» კი არ უნდა სცადოს ფონს გასვლა (პენსიონერის გულს მაინც ვერ მოიგებს, თუ მას 8 ლარის ნაცვლად 9 ლარს დაუნიშნავს), არამედ გააძლიეროს შიდა ინვესტირება ეკონომიკაში, რეალურად შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი «ნიშები» და ამით გააფართოვოს, გააძლიეროს საშუალო ფენა, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი დასაყრდენია.

7 დღე, 17 ივლისი, 1998 წ.