«მეგრული თემა» - პირველი ბზარი

    სექტემბრის დაასწყისშივე, კიტოვანის დავალებით, «გვარდიელები» თენგიზ სიგუას ეწვივნენ და შავნაბადაზე («გვარდია» მაშინ უკვე იქ იყო დისლოცირებული) ასვლა შესთავაზეს - აქაოდა, ზვიად გამსახურდია მოკვლას ან დაპატიმრებას გიპირებსო.
    ეს, რა თქმა უნდა, ზღაპარი იყო: გამსახურდია - სიგუას (მაშინ) არც მოკვლას უპირებდა, არც დაპატიმრებას. თუმცა, გოგი ხოშტარიასთან ერთად გაზეთ «დრონში» გამოქვეყნებულმა მისმა სტატიამ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე, თუ მნიშვნელოვანი არა, გარკვეული ზეგავლენა მართლაც მოახდინა.
    თენგიზ სიგუა კიტოვანს სჭირდებოდა თავისი მოქმედების გასამართლებლად და გვარდიის პოლიტიკური საფარველის შესაქმნელად. მაგრამ ექსპრემიერმინისტრი შემდგომში «ანტიზვიადისტური» მოძრაობის ლამის ცენტრალურ ფიგურად იქცა. ამ შემთხვევაში საგულისხმოა, თუ რა ამოძრავებდა თენგიზ სიგუას, როდესაც «გადატრიალების» (გნებავთ «პუტჩის» თუ «დემოკრატიული რევოლუციის») მებაირახტრე გახდა.
    ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ისევე, როგორც თენგიზ სიგუა არის უაღრესად საინტერესო პიროვნება. ზვიად გამსახურდიას მომხრენი დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ იგი КГБ-ს აგენტი იყო. ზედსახელად  «Металург». მაგრამ ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
    თქვენი არ ვიცი და ამ სტრიქონების ავტორს არ შეხვედრია ადამიანი (თენგიზ სიგუას თანაკლასელიდან თუ თანამშრომლიდან დაწყებული - ინსტიტუტის დირექტორობისას მისი მძღოლით დამთავრებული), მასზე აუგი ეთქვას. ან რაიმე უარყოფითი გაეხსენებინოს - პირად ურთიერთობათა გამოცდილებიდან.
    უკლებლივ (გამონაკლისის გარეშე) ყველა, ვინც თენგიზ სიგუას ადრეც იცნობდა, ერთხმად ამბობს მასზე, რომ იგი ყოველთვის იყო უაღრესად დახვეწილი ინტელიგენტი, შესანიშნავი ოჯახის შვილი (ეს გამოთქმა ხომ არ დაგავიწყდათ? –ავტ) ზედმიწევნით განათლებული პიროვნება, გულისხმიერი მეგობარი, რაფინირებული ინტელიგენტი, ბრწყინვალე სპეციალისტი-მეცნიერი.
    «ოქროს მედალზე» დაამთავრა (მაშინ, 40-იან წლებში! - ავტ) თბილისის ელიტარული პირველი საშუალო სკოლა. თენგიზ სიგუასთან ერთად კლასში 4 თუ 5 მედალოსანი იყო. მათ შორის სიგუა გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო. ასევე წარჩინებით დაასრულა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შესანიშნავად დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, დამსახურებულად გახდა მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
    სხვათა შორის, 50-იან, 60-იან წლებში მეტალურგობა პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა. ეს შემდეგ (70-იანი წლებიდან) იქცა იგი «გოიმობად» და მეტალურგიის ფაკულტეტსაც («გპი»-ში) აღარ ეტანებოდა ელიტარული ახალგაზრდობა, თორემ თენგიზ სიგუას ახალგაზრდობაში მეტალურგობა ექიმობასა და ხელოვნებათმცოდნეობაზე ნაკლებ პერსპექტიული როდი სჩანდა. . .
    ალბათ სწორედ ამ მომენტებმა განაპირობეს შემდგომ თენგიზ სიგუას მოტივაცია: იგი შეჩვეული იყო წარმატებას, ქებას, აღიარებას და მოულოდნელად, ზვიად გამსახურდიამ სულ ადვილად მოისროლა თანამდებობიდან, - მის ნაცვლად კი ბესო გუგუშვილი დანიშნა, რომელიც სიგუას (თხემით ტერფამდე ქართველს), გვარიშვილობის მიუხედავად, თავის «ტოლად და სწორად» ნამდვილად არ მიაჩნდა.
    თანაც, სიგუას ხელისუფლებიდან გაძევება განხორციელდა მისთვის განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი ფორმით. ესეც ზვიად გამსახურდიას გამოუცდელობისა და არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამ ტექნოლოგიას კომუნისტებიც კი ითვალისწინებდნენ და მანამ არ «მოხსნიდნენ» მაღალი თანამდებობის პირს, ვიდრე თავად მასაც არ შეამზადებდნენ ფსიქოლოგიურად და შესაბამის განწყობასაც არ შექმნიდნენ მისსავე გარემოცვაში.
    თენგიზ სიგუა ამტკიცებს: «პიროვნულად ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო არაფერი მქონდაო». ანუ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით დაუპირისპირდა და პიროვნული სიძულვილი არ ამოძრავებდა.
    ეშმაკობს ბატონი თენგიზი.
    სინამდვილეში მას სწორედ პირადი სიძულვილი, პირადი, მძვინვარე წყენა ამოძრავებდა.
    თუმცა «წყენაც» ძალიან რბილად ნათქვამია - თუნდაც «მძვინვარესთან» ერთად. გავიხსენოთ, როგორ აუთრთოლდებოდა ხოლმე ხმა ფანატიკური სიძულვილით, როდესაც ზვიად გამსახურდიას, ან მის ღირსპატივცემულ მეუღლეს ახსენებდა მიტინგებზე. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა (განსაკუთრებით, იმავე წლის ნოემბერში-დეკემბერში), რომ ეს კაცი სრულ ჭკუაზე აღარც იყო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დონისა და სიღრმის სიძულვილი, რომელიც ადამიანს ყველაფერს ავიწყებინებს, შურისძიების ფანატიკური, ცეცხლოვანი წყურვილი - მართლა ტოვებდა პათოლოგიის შთაბეჭდილებას.
    თუმცა, აქვე უნდა ვიკითხოთ: ზვიად გამსახურდია ვის არ გადაიყვანდა ჭკუიდან? თენგიზ სიგუა ხომ გამონაკლისი არ იყო?
    საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გამსახურდიას აღმოაჩნდა განსაკუთრებული ნიჭი: დაეავადებინა ყველა თავისთავადი და მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა წლების განმავლობაში ან თუნდაც მცირე ხნით, - მისდამი რაღაცნაირი ფანატიკური, მძვინვარე, ცოფიანი სიძულვილით.
    მაინც მისი ბრალია ყველაფერი, თორემ როგორ შეიძლება ცალკეული პიროვნების თუნდაც ფანატიკურმა სიძულვილმა და შელახულმა ამბიციამ სახელმწიფოებრივი პროცესების განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს?
    გააჩნია ვის - ვისთან რა «გაუვა». გარწმუნებთ, თენგიზ სიგუას, - ედუარდ შევარდნაძის მიმართ (მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრობიდან გააძევა), დაახლოებით იგივე ემოცია ამოძრავებდა, მაგრამ ამასთან ნამდვილად არ გაუვიდოდა ის, რაც იმასთან გაუვიდა.
   
     

     აგვისტოს შუა რიცხვებიდან, როგორც ზემოთ ითქვა, დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი კიტოვანის გვარდიაში. ამ პროცესთა გაანალიზების გარეშე შემდგომდროინდელ მოვლენათა არსის სწორად გაგება გაგვიჭირდება.
    უპირველეს ყოვლისა, კვლავ და კვლავ საინტერესოა ე.წ. «გვარდიის» სოციალური შემადგენლობა. მისი ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს (კიტოვანის «პადელნიკებთან» ერთად) საბჭოთა არმიის ქართველი ეროვნების (თუ ქართული ეთნიკური წარმომავლობის) ოფიცრები შეადგენდნენ.
    ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. გათვითცნობიერებულ მკითხველს ვთხოვ გაიხსენოს, რას წარმოადგენდა ეს სოციალური ტიპი: ისევე, როგორც ქართველი ჯარისკაცები იყვნენ საბჭოთა არმიაში ყველაზე უსაქმურები, არაფრის გამკეთებლები, რომლებიც სპეციალურად ცდილობდნენ მაინცდამიანც «სტროიბატში» მოხვედრილიყვნენ ან «თბილ ადგილებში» («კაჩეგარიაში», «სასადილოში» და ა.შ.) მოწყობილიყვნენ, - ასევე, მცირერიცხოვანი ქართველი ოფიცრობაც, უმცირესი გამონაკლისის გარდა, ცნობილი იყო, როგორც არაფრის მაქნისი, უსაქმური და უნიათო.
    ისინი ძირითადად «ფულის საკეთებლად» იყვნენ ჯარში წასული და თუ «მაყუთსაც ვერ აკეთებდნენ», ერთი სული ჰქონდათ იმ ჯარიდან თავი დაეღწიათ. უპირველეს ყოვლისა სწორედ ამიტომ მოდიოდნენ კიტოვანის გვარდიაში: რუსი პოდპოლკოვნიკების «ცუმბუშა» წვრილფეხა ქართველ ოფიცრობას «ეროვნულ არმიაში» გენერლობა ელანდებოდა.
    გარდა ამისა, კიტოვანის გვარდიაში (ვიმეორებ) თავიდანვე დიდი ფული ჩადო მისმა შემადგენელმა მეორე სოციალურმა სეგმენტმა. «გვარდია» აღიქმებოდა გარკვეულ «კოოპერატივად», «ცეხად», რომლის თითოეულ წევრს საკუთარი «წილი» ჰქონდა. ამიტომაც არ სურდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლა – აბა წილს ხომ არ გაუყოფდნენ ვინმეს? ამ კატეგორიის ხალხისათვის როგორ შეიძლებოდა განსაკუთრებული სახელმწიფო შეგნება მოგეთხოვა?
    როცა საქმე-საქმეზე მიდგა, არც ბრძოლის უნარი და შნო აღმოაჩნდათ. ანუ გაირკვა, რომ არც ომი შეეძლოთ. არ უსწავლიათ და როგორ შეძლებდნენ (უნარს და შნოს თავი რომც დავანებოთ)?
    საბჭოთა არმიაში ჩეჩნები და სხვა ჩრდილოკავკასიელები ქართველებზე ნაკლებ «უსაქმურნი» როდი იყვნენ, მაგრამ (ვისაც ჯარში უმსახურია დამეთანხმება) დილიდან - საღამომდე ვარჯიშობდნენ: ჭიდაობდნენ, გირებს წევდნენ - ჯანის გამაგრება იყო მათთვის მთავარი გასართობი და არა «ქეშაობა» ან ლოთობა.

    მას შემდეგ, რაც კიტოვანი პრეზიდენტ გამსახურდიას დაუპირისპირდა, გვარდია დატოვეს 18-19 წლის «ახალწვეულებმა» - გამსახურდიას ბედი არც მათ აღელვებდათ მაინცდამაინც, მაგრამ სახლში წასვლა უნდოდათ და ეს დაპირისპირება საამისოდ შესანიშნავი საბაბი იყო.
    გვარდია დატოვა ოფიცერთა ნაწილმაც – სხვათა შორის, დიდწილად სწორედ იმ ნაწილმა, რომელსაც კრიმინალური ფსიქოლოგია ნაკლებად ჰქონდა და არც ГРУ-ს მითითებებს ასრულებდა.
    მაშასადამე, შეიქმნა ვითარება, როდესაც კიტოვანს და მის ირგვლივ შემოკრებილ გვარდიის ნარჩენს ჰქონდა იარაღი (გვარდიის იარაღი მათ შეინარჩუნეს), მაგრამ მებრძოლები შემოაკლდათ. ამ დილემის გადაწყვეტა კიტოვანმა ადვილად შეძლო: იგი დაუკავშირდა იმ სოციალურ წრეს, იმ სამყაროს (მას არც არასოდეს მოწყვეტილა) საიდანაც მოვიდა პოლიტიკაში. გვარდიის შევსება დაიწყო იმავე კატეგორიის ხალხით, რომელიც მანამდე «მხედრიონში» შედიოდა. თუმცა, ხსენებულ სოციალურ კატეგორიას აქაც ნოყიერი ნიადაგი დახვდა.
    თბილისელ «ძველ ბიჭებს» გვარდია უპირველესად იარაღით იტაცებდა. «კალაშნიკოვის» ავტომატი, მაშინ, რა თქმა უნდა, პრესტიჟული იყო. არანაკლებ პრესტიჟული იყო «პატარა იარაღი», რომელიც კიტოვანს «ბლომად» ჰქონდა. ГРУ მისთვის იარაღს არ იშურებდა – აკი შესანიშნავად იცოდა, რომ ათეულობით ათასი ავტომატი, რაც კიტოვანის მეშვეობით საქართველოში უამრავ ვიგინდარას დაურიგდა, - უდიდესი დამანგრეველი, ანტისახელმწიფოებრივი ფაქტორი იქნებოდა.
    თბილისელ და არა მხოლოდ თბილისელ «კაი ტიპებს» იარაღის ტრიალი და სისხლიანი თავგადასავლები «ემუღამებოდათ». შიგ და შიგ კოოპერატივებსაც «აწერდნენ ფულს» და ა.შ. ამიტომაც ტრიალებდნენ შავნაბადაზე, შემდეგ თბილისის ზღვაზე, თორემ პოლიტიკისა არც ესმოდათ რაიმე და არც აინტერესებდათ.
    ამრიგად, 1991 წლის სექტემბერ-ნოემბრის გვარდია და 1991 წლის აპრილის გვარდია სოციალური შინაარსითა და შემადგენლობით გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მასში კიდევ უფრო გაძლიერდა კრიმინალური შემადგენელი. კიტოვანმა შეძლო მთავარი: შეინარჩუნა გვარდიის სახელი და იარაღი. ხოლო იარაღის მსროლელსა და თავზეხელაღებულს, მაშინდელ საქართველოში, რასაკვირველია ადვილად იპოვიდა.
    ერთ ნიშანდობლივ მომენტსაც შეგახსენებთ: გამსახურდიას ერთგულმა ბესო ქუთათელაძემ კიტოვანს მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია, როცა ტელევიზიით გამოსვლისას, თითქოს სხვათა შორის, აღნიშნა: «კიტოვანს იარაღი კი აქვს, მაგრამ ხალხი არა ჰყავსო». ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს ეს წინასწარშეთანხმებით ითქვა და რომ შემდგომი მოვლენები ამ ვერსიას ადასტურებენ.

    1991 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, ფაქტობრივად უკვე აღარც არსებობდა. ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომლებიც კრემლის ძალმოსილებას განაპირობებდნენ ასწლეულების განმავლობაში, თითქოს დაშლილი და დადამბლავებული იყო. თვით ოდესღაც ყოვლისშემძლე КГБ-საც კი გაუჭირდებოდა პროცესების მართვა «მოკავშირე რესპუბლიკებში», ვინაიდან მისი მოქმედება ძირითადად მაინც ამავე რესპუბლიკებში არსებულ «ქვესტრუქტურებს» ანუ ადგილობრივი КГБ-ს განყოფილებებს ეყრდნობოდა.
    მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი იმპერიული სპეცსამსახური, რომელსაც ვერაფერი დააკლო საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი სისტემის დაშლამ. ეს სპეცსამსახური გახლდათ სამხედრო დაზვერვა - ГРУ. მიუხედავად იმპერიის დაშლისა, იგი კვლავ ინარჩუნებდა ერთიანობას, ერთმმართველობას მთელს იმპერიულ სივრცეში.
    1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ, სწორედ ГРУ-ს (და არა КГБ-ს) მეშვეობით მართავდა კრემლი იმპერიის სივრცეზე განვითარებულ მოვლენებს. კიტოვანის გვარდიაც, ბუნებრივია, უმალვე იქცა სათამაშოდ მის ხელში.
    მრავალი დასავლელი პოლიტოლოგი და კრემლოლოგი ამტკიცებს, რომ ГРУ – КГБ-ზე ბევრად ძლიერი სპეცსამსახური იყო, მაგრამ თვითრეკლამას ნაკლებად აწარმოებდა. არა მგონია ისინი ცდებოდნენ. ოღონდ, (ვიმეორებ) მხოლოდ სპეცსამსახურებს ყველაფერეს ნუ დავაბრალებთ - იგივე ГРУ აქტიურად მუშაობდა სხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ ესოდენ «შესანიშნავი» შედეგი სხვაგან არ ჰქონია.

    სანამ 1991 წლის შემოდგომის მოვლენათა ანალიზს შევუდგებოდეთ, კიდევ ორი საგულისხმო პროცესი გავიხსენოთ:
    სექტემბერშივე, თითქოს მოულოდნელად, დაპირისპირებაში წამოტივტივდა «მეგრული თემა». ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგენი დღემდე ამტკიცებენ, რომ ეს თემა თვით პრეზიდენტმა წამოსწია. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გამსახურდიას ნამდვილად არ აძლევდა ხელს დაპირისპირების პრიმიტივიზება და მისი დაყვანა ეთნიკურ ანტაგონიზმამდე. იმთავითვე ნათელი იყო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისთვის ძალზე წამგებიანი იქნებოდა.
    ამ ლოგიკით გამსახურდიას მომხრეებსაც შეუძლიათ თქვან, რომ პირიქით, - სწორედ ოპოზიციას აძლევდა ხელს «მეგრული თემის» განვრცობა, ვინაიდან მას («მეგრულ თემას») პრეზიდენტთან დაპირისპირება სხვა (ოპოზიციისათვის ხელსაყრელ) სიბრტყეზე გადაჰყავდა. და რომ ამიტომაც დაიწყეს ოპოზიციის მიტინგებზე ანეგდოტების მოყოლა ზუგდიდიდან ჩამოსულ «ზვიადისტებზე» (ამ ტერმინის დამკვიდრებაც «ოპოზიციის» ძალზე სერიოზული წარმატება იყო - ავტ.), რომლებიც თბილისში თავს სიღნაღელებად ასაღებდნენ.
    ერთ-ერთ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა: «გამსახურდიამ თქვა, მე ჩემი მეგრელები და სვანები დამიცავენო». სიგუას არ დაუზუსტებია სად და როდის თქვა ეს გამსახურდიამ. ამგვარი განცხადება არავის მოუსმენია. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. სიგუამ სწორად გათვალა, რომ თვით ეს «ბინძური თემა» (მისივე განსაზღვრებით) ოპოზიციისათვის მომგებიან განწყობას შექმნიდა საზოგადოებაში: «ხომ ხედავთ, გამსახურდია ქართველი ერის ერთიანობასაც ემუქრებაო».
    თუ იმ პროცესებს ყურადღებით დავაკვირდებით და უემოციოდ განვიხილავთ, უეჭველად მივალთ დასკვნამდე, რომ ოპოზიციისათვის «მეგრული თემის» გამწვავების დაბრალება ისეთივე სისულელეა, როგორც იმის მტკიცება, თითქოს ეს თემა თვით გამსახურდიამ წამოჭრა. როგორც ჩანს, იმ ვითარებაში, ამ მართლაც ბინძური თემის აქტუალიზება გარდაუვალი იყო - განურჩევლად იმისა, რას იტყოდა ოპოზიცია ან რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება.
    აქ პირველად გამოვლინდა ქართველი ერის შინაგანი სტრუქტურის თავისებურება, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვანი სოციუმის შესაბამის მოტივაციებში თუ რეაქციებში მჟღავნდებოდა და მჟღავნდებოდა სავსებით ობიექტურად.
    ბოლოს და ბოლოს, დაპირისპირებამ მართლაც შეიძინა ტრაიბალისტური შეფერილობა, ხოლო ზვიად გასახურდია, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორედ მაშინ დამარცხდა უიმედოდ კიდევ ერთხელ, როდესაც სამეგრელომ, მის დასაცავად, სხვა კუთხეებზე მეტად დაიწყო აქტიურობა.
    სხვაგარად ვერც იქნებოდა – ესეც ზუსტად გათვალეს იმ ანალიტიკურ ლაბორატორიებში, საიდანაც (მოჩვენებითი გულგრილობის მიუხედავად), კვლავინდებურად ხდებოდა პროცესების მართვა–რეგულირება პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    თორემ 1991 წლის სექტემბერში (სანამ ეს თემა აგორდებოდა), პრეზიდენტის მხარდამჭერ მიტინგებზე კახელები, რაჭველები, იმერლები, ქართლელები, მეგრელები, თუშები, სვანები, გურულები თანაბარი ოდენობით ჩამოდიოდნენ.

    კრემლის კიდევ ერთი, უმძლავრესი ბერკეტი აღმოჩნდა ტელევიზია. დავაკვირდეთ საოცარ ფენომენს: 1991 წლის ოქტომბერში, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, გაითიშა საკავშირო (რუსული) ტელევიზია, რადგან იგი აშკარად ოპოზიციას უწყობდა ხელს.  ერთი შეხედვით, თითქოს, ქართულ საზოგადოებას ეს მშვიდად უნდა მიეღო: როგორ შეიძლება «რუსეთის იმპერიისაგან თავის დასახსნელად იბრძოდე» და, ამავე დროს, იმ იმპერიის ცნობიერი სივრცის გარეშე არსებობა არ შეგეძლოს?! ქართული ეროვნული მოძრაობა ხომ თავისი არსით  ანტირუსული იყო და არა მხოლოდ ანტიიმპერიული. ანუ იგი იბრძოდა საქართველოს გამოსაყვანად რუსეთის არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, არამედ ცნობიერი სივრციდანაც. ამის გარეშე დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელიც იქნებოდა.
    მაგრამ როგორც კი გამსახურდიამ რუსული ტელევიზია გათიშა, მოულოდნელი, უცნაური, თითქოს აუხსნელი რამ მოხდა: აღმოჩნდა, რომ ქართულ საზოგადოებას რუსეთის ტელევიზიის გარეშე (ანუ რუსული ცნობიერი სივრცის გარეთ) არსებობა არათუ უჭირს, არამედ საერთოდ არ ძალუძს. და საქმე მხოლოდ ინფორმაციის მიღებაში როდია. აქ უფრო რთულ, ღრმა ფენომენთან («ცნობიერ დამოკიდებულებასთან») გვაქვს საქმე.
    წინა საუკუნეში ერთი უცხოელი პუბლიცისტი წერდა, რომ «ქართველები ის ერია, რომელიც საკუთარ თავს სხვისი თვალებით შეჰყურებს». საოცრად ზუსტი განსაზღვრებაა! სწორედ ამ ფენომენთან გვაქვს საქმე: მახსოვს, იმ დღეებში ერთი ნაცნობი («9 აპრილისა» და «ნოემბრის შიმშილობის» აქტივისტი) მეუბნებოდა: რას ამბობ, ТСН –ს (телевизионная служба новостей-ავტ) თუ არ ვუყურე, ტატიანა მიტკოვას (ამ სატელევიზიო პროგრამის წამყვანი) თუ არ მოვუსმინე, - ღამე არ დამეძინებაო.
    აი, სწორედ აქ მჟღავნდება «ცნობიერი დამოკიდებულება» ანუ დამოკიდებულება სხვის შეფასებაზე. ეს თვისება, ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გამოყენებით, მიზანმიმართულად აღზარდა ჩვენში კრემლის იდეოლოგიურმა მანქანამ.
    საზოგადოების უკლებლივ ყველა ფენა «საკავშირო ტელევიზიის» გათიშვისთანავე მოუსვენრობამ შეიპყრო - ისინიც კი, ვინც რუსეთს თითქოს თავდავიწყებით ებრძოდა, მოითხოვდნენ «საკავშირო ტელევიზიის» მაუწყებლობის აღდგენას. თანაც, არა პოლიტიკური მოტივებით (ვთქვათ ინფორმაციის მისაღებად), არამედ სწორედ ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამო.
    შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ვთქვათ, ესტონელი, რომელსაც რუსეთის ტელევიზიის გარეშე არსებობა არ ძალუძს? ბალტიის ქვეყნებში რუსეთის ტელევიზიას თითქმის არავინ უყურებდა. რაც მთავარია, არ არსებობდა საზოგადოებრივი, ქვეცნობიერი, ეთნოფსიქოლოგიური მოთხოვნილება ამ ტელევიზიის მაუწყებლობისა.
    ეს ძალიან საინტერესო საკითხია ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამდენად, ერთ-ერთ შემდგომ თავში მას კვლავ დავუბრუნდებით.

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა