საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ნოემბერი. 2021 წელი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლუკაშენკო აპირებს სცნოს აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის` დამოუკიდებლობა `ევროპის ჯინაზე`, რომელმაც მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. და რომ თითქოს ბელორუსის პარლამენტში უკვე მზადაა დეკლარაცია თუ კანონი. ეს ინფორმაცია, რასაკვირველია, მაშინვე აიტაცეს სოხუმმა და ცხინვალმა. თუმცა ოფიციალურმა მინსკმა ცივი წყალი გადაასხათ და ინფორმაცია უარყო: არანაირი კანონპროექტი და არც განცხადება ამ თემაზე ბელორუსის პარლამენტში არ შესულაო.
ლუკაშენკოს ახლა არაფერში სჭირდება ევროპის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ისეთი სისულელით, როგორიცაა რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების `დამოუკიდებლობის` აღიარება. მას თვითონ ემუქრება რუსეთის ოკუპაცია და პარადოქსი ისაა, რომ ევროპასთან მთელი ამ ძიძგილაობის მიუხედავად, ერთპიროვნული ძალაუფლება ლუკაშენკოს არც პუტინისთვის ეთმობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის საბაჟომ `აღკვეთა აფხაზეთიდან - რუსეთში ავტომანქანების კონტრაბანდის ფაქტი`. ათეულობით ავტომანქანაა დაპატიმრებული და რამდენიმე კონტრაბანდისტი.
რატომ არის ეს ფაქტი საინტერესო? იმიტომ, რომ ავტომანქანები მანდარინი არაა. და არც ჰერონიის თუ კოკაინის `კაკლები`. ავტომანქანებს აფხაზეთის ინდუსტრია, რამდენადაც ცნობილია, ``ჯერ ჯერობით`` ვერ აწარმოებს. მაშასადამე, ეს ავტომანქანები (თანაც დიდი ოდენობით) შედის აფხაზეთში მისი საზღვრების გარედან, შემდეგ იქედან ცდილობენ მათ გადაყვანას ადლერში ანუ სოჭში.
ოღონდ საიდან შედის? შეიძლება შედიოდეს მხოლოდ ორი გზით: ან თურქეთიდან ბორნებით (და აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობარ თურქეთს ძააააააააალიან ინტენსიური საბორნე მიმოსვლა აქვს აფხაზეთთან) ან.....შედის ენგურის გავლით ანუ დანარჩენი საქართველოდან.
მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს და ამ საქმეზე მილიონობით დოლარი კეთდებოდა ყოველწლიურად. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ლაპარაკია მეორად და `მესამად` მანქანებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელება უდიდესი ინტრიგა ამერიკაში, რომელზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის ბედი და პოლიტიკური ვითარებაც ჩვენს სტარტეგიულ მოკავშირე ქვეყანაში.
სააპელაციო სასამართლომ დროებით დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატთა სარჩელი და შეაჩერა (!) ამერიკის კონგრესის სპეციალური კომიტეტისთვის იმ დოკუმენტების გადაცემა, რაც ეხება პრეზიდენტ ტრამპის აქტივობას მისი ლეგისლატურის ბოლო დღეებში: უშუალოდ 2021წ 6 იანვრის მოვლენათა წინ, როდესაც ტრამპის მომხრეებმა სცადეს კონგრესის შენობაში შეჭრა. და შეიჭრენ კიდეც - პირველად ამერიკა-ბრიტანეთის ომის შემდეგ.
ტრამპის ძვირადღირებული ადვოკატები აპელირებდნენ იმაზე, რომ არსებობს `აღმასრულებელი პრივილეგია`(Executive privilege) და ამ პრივილეგიის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა უფლება დაევალდებულებინა ამერიკის ფედერალური არქივი, მიეწოდებინა კონგრესის კომიტეტისთვის პრეზიდენ ტრამპის ბოლო სატელეფონო საუბრების, თეთრის სახლის ოვალურ დარბაზში მიღებების, სხვა კონტაქტების თუ კომუნიკაციათა ჩანაწერები. ეს ყველაფერი ინახება არქივში 99 წელი. ამას მოითხოვს ამერიკის კანონი.
როგორც სჩანს, ამ ჩანაწერებში არის რაღაც ისეთი, რაც ტრამპის მტრებს მისცემს იმგვარი ბრალდების ან რაიმე ფაქტის თუ კომუნიკაციის იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რის საფუძველზეც კონგრესის კომიტეტი, სადაც უმრავლესობას ახლა დემოკარტები შეადგენენ, დაასკვნის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას ან ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და არსებობს საფუძველი, რათა იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ გენერალურმა პროკურორმა აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
კონკრეტულად ტრამპს იმუნიტეტი არ იცავს. Executive privilege სხვაა და ეხება ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის პრივილეგიას.
ახლა მთელი ამერიკა ელის, საბოლოოდ რას გადაწყვეტს აპელაცია: დატოვებს ძალაში თავის აკრძალვას, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს, თუ მაინც დართავს ნებას არქივს, გადასცეს კომიტეტს ეს მასალები.
ამერიკაში სასამართლო ყოვლისშემძლეა.
მის წინაშე ქედს იხრის ყველა. იმიტომ, რომ ს ა ნ დ ო ა. და არა კონიუნქტურული.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელდება დაპირისპირება ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე, სადაც ევროპაში გადასვლას ცდილობს ათასობით ერაყელი ქურთი, ვინც სპეციალურად ჩაიყვანეს ამ საზღვარზე ლუკაშენკომ, პუტინმა და ერდოღანმა (რათა ევროკავშირზე ზეწოლა განახორციელონ).
როგორც იქნა, ბრუსელში გაბედეს იმ ბერკეტების ამოქმედება, რაც აქვთ, მაგრამ მის გამოყენებას, ჩვეული ევროპული `სიფრთხილით` ვერ ბედავდნენ: ევრკავშირი დაემუქრა თურქულ ავიაკომპანიას Turkish Airlines, რომ თუ არ შეწყვეტდა ერაყელი ლტოლვილების გადაყვანას სტამბულიდან და ანკარადან - მინსკში, მაშინ ევროკავშირში ფრენა აეკრძალებოდა. ასევე დაემუქრენ Аэрофлот-ს და დიდი ალბათობით, ეს ავიაკომპანიები იძულებულნი იქნებიან, უარი თქვან პროვოკაციებზე. თუმცა თურქეთსაც და რუსეთსაც უამრავი სხვა ავიაკომპანია აქვთ, რომლებიც ევროკავშირში არ დაფრინავენ და ალბათ მათ გამოიყენებენ ახლა იგივე პროვოკაციული მიზნით.
ამის გათვალსიწინებით, ევროკავშირი (პოლონეთი) ლუკაშენკოს დაემუქრა, რომ ჩაკეტავს პოლონეთ-ბელორუსის საზღვარს საერთოდმ, ანუ შეწყდება პოლოენთის გავლით რუსების და ბელორუსების მოზგაურობა ევროპაში მანქანებით, რკინიგზით, ავტობუსებით და ა.შ.
ლუკაშენკომ ამ მუქარას გამაოგნებელი პასუხი გასცა: თუ ამას გაბედავთ, მაშინ ბელორუსის ტერიტორიაზე რომ რუსული გაზსადენი გადის, იმას გადავჭრიო. არ არის გამორიცხული, ეს რუსეთის ინტრიგის ნაწილიც იყოს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის იძულებას, დროულად დაამტკიცოს `ჩრდილო ნაკადი-2` ანუ გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის გერმანიამდე, - ბელორუსის, უკრაინის და პოლონეთის ტერიტორიათა გვერდის ავლით.
ევროპაში ახლა დგება უპერცედენტოდ ცივი ზამთარი და ევროპულ სახელმწიფოებს ძალიან ეშინიათ, რომ ენერგია არ ეყოფათ ან ისე გაძვირდება, სოციალური ბუნტი მოჰყვება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ CIA დირექტორი და აშშ ყოფილი ელჩი მოსკოვში (!) უილიამ ბერნსი ამას წინათ მოსკოვში ჩავიდა ერთადერთი მიზნით: გაეფრთხილებინა რუსები, რომ თუ რუსული არმია შეუტევს უკრაინას, ამერიკა უკრაინის მხარეს იქნება. შესაძლოა სამხედრო ძალით არა (თუმცაღა შავ ზღვაში უკვე ბევრი ამერიკული გემი მოძრაობს) მაგრამ სანქციათა მთელი სპექტრით: დოლარით ოპერირების აკრძალვა, რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა და ა.შ.
არსებობს ამერიკაში რამდენიმე Think Tank, რომელიც იმდენად ავტორიტეტულია, რომ არათუ მხოლოდ თეთრი სახლის, არამედ თვით პენტაგონის ანუ ამერიკის შეიარაღებულ ძალთა სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მომზადებაზეც შეუძლია გავლენა. ზოგადად, ამერიკას ახასიათებს განსაკუთრებული პიიტეტი ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრების მიმართ. ერთ-ერთი მათგანია სამხედრო პრობლემატიკაზე (უფრო ზუსტად, სამხედრო-სტარტეგიული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე) მომუშავე კორპორაცია RAND, რომელმაც მოამზადა ახალი სტრატეგია ამერიკისა და შავი ზღვის რეგიონისათვის (RAND «Russia, NATO, and Black Sea Security») და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ანალიტიკაში საქართველოს ღირსეული როლი აკისრია. ამითაც აიხსნება, რომ ბოლო დროს აშშ ხმელთაშუაზღვის ფლოტის გემებმა მოუხშირეს საქართველოს პორტებში შემოსვლას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯო ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს ე.წ. `დემოკრატიათა სამიტი`. რუსეთი არ არის მიწვეული, ბელორუსი არ არის მიწვეული. საქართველო და სომხეთი არიან მიწვეულნი ჩვენი რეგიონიდან. ორივე ქვეყანა, რასაკვირველია, მიიღებს მონაწილეობას. ოღონდ.......სომხეთი რუსეთის სტარტეგიულ მოკავშირედ ითვლება, თუმცა პრემიერი ფაშინიანი მაინც მიემგზავრება ვაშინგტონში ამ სამიტზე დასასწრებად. ამან არ შეიძლება არ გააღიზიანოს მოსკოვი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესეც საინტერესოა: ისრაელი ხომ გენიალური ქვეყანაა და ასეთივე გენიალური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (სსკ) აქვს. ზოგიერთი მიმართულებით აღემატება კიდეც მსოფლიო ლიდერს: აშშ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს.
ბოლო მაგალითია, რომ ისრაელის სსკ-მ შექმნა სრულიად ახალი ტიპის რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღი. Scorpius, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ სივრცის სკანირება და თვითმფრინავების ან დრონების (უპილოტო აპარატების) რადარებზე ზემოქმედება, არამედ პირდაპირ მათი ძრავის და კომპოუტერული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა იქ `სწრაფმოქმედი ვირუსების` მომენტალური შეგზავნით. თან ისე აფუჭებს, რომ მეხუთე თაობის რუსული СУ-57 ჯართად იქცევა.
სინამდვილეში, მომავლის ომი, როგორც ბევრი სპეციალისტი ამბობს, სწორედ დრონების და რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატთა ომები იქნება. ისრაელი ამგვარი ომებისთვის მზადაა.
ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ისრაელმა ეს გენიალური იარაღი მიჰყიდა, არის......აზერბაიჯანი! რატომ? იმიტომ, რომ აზერბაიჯანთან ისრაელს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რაკი ბაქო ეხმარება ირანის დაზვერვაში და იქ სპეცოპერაციათა განხორციელებაში. ირანი კი ისრაელის მოსისხლე მტერია.