აფხაზეთში სტატუს-კვო ჯერჯერობით არ უნდა დაირღვეს

აფხაზეთში სტატუს-კვო ჯერჯერობით არ უნდა დაირღვეს

 

        1988 წლიდან ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი უბედურება და მანკი მეტისმეტი ემოციურობა იყო. უფრო სწორად, ემოცია საერთოდ არ უნდა გაერიოს კონკრეტულ პოლიტიკაში; თუმცა, საბოლოო მიზანი ნამდვილად შეიძლება რომანტიული იყოს.
        ჩვენს ამ ეროვნულ თვისებას ბრწყინვალედ იყენებდნენ და იყენებენ საქართველოს მტრები და არაკეთილმოსურნენი, რომელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდით ნებისმიერ ეპოქაში. არც ამჟამად განვიცდით.
        ოთხმოციანი წლების მიწურულიდან ქართული პოლიტიკა (მიტინგიც პოლიტიკაა, ისევე როგორც, ვთქვათ, მწერალთა და ხელოვანთა ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადება) მთლიანად იმაზე იყო აგებული და იმაზე რეაგირებდა, თუ რომელ ჟურნალში რა პასკვილი დაიბეჭდა საქართველოზე, სად რა ანეკდოტი მოყვეს ქართველებზე და ასე შემდეგ.
        რეაგირება იქნებ საჭიროც იყო, მაგრამ ადეკვატურად.
        არაადეკვატური რეაქციებისა და სულელური პოლიტიკის შედეგად (პოლიტიკას საქართველოში, როგორც ცნობილია, 1987 წლის მიწურულიდან – ბოლო დრომდე, ეგრეთ წოდებული, «მოძრაობის» ლიდერები წარმართავდნენ) აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ და გვაქვს ის, რაც გვაქვს.
        ალბათ ახლა მაინც უნდა შეძლოს საქართველოს ხელისუფლებამ თუ მმართველმა ელიტამ რაციონალური პოლიტიკის გატარება განურჩევლად იმისა, რა რეაქციას გამოიწვევს ეს საზოგადოებაში; «საზოგადოებას» (ზოგადად, აბსტრაქტულად) პასუხი სამწუხაროდ არ მოეთხოვება, სამაგიეროდ, მოეთხოვება ხელისუფლებას.
        იგი ვალდებულია არ აჰყვეს ემოციებს და ყველა შემთხვევაში იმოქმედოს უაღრესი პრაგმატიზმით.
        ამჟამად ცხარე დისკუსიის საგანი ისევ და ისევ აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ხდება.
        მორიგი მანდატის ვადა 3 მაისს ამოიწურა. ისინი მანამდეც უკანონოდ იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში, მაგრამ დსთ-ს მოსკოვის სამიტმა მათ «უკანა რიცხვით» გაუგრძელა მანდატი სწორედ 3 მაისამდე.
        სახელმწიფოს მეთაურთა გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ «მანდატი კიდევ 6 თვით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე გამოთქვამს შესაბამის სურვილს». სეპარატისტთა ლიდერებმა ასეთი «სურვილი» უკვე გამოთქვეს. საქართველოს ხელისუფლება კი ჯერჯერობით ყოყმანობს.
        ბუნებრივია, ოფიციალური თბილისისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, არ გაეგრძელებინა მანდატი, ანუ არ დაედასტურებინა თანხმობა, მაგრამ რეალურად შეენარჩუნებინა სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში, რათა არ მიეცა საშუალება რუსეთისთვის განეახლებინა ომი.
        კრემლს ხელს აძლევს კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების განახლება; მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთს (ბალკანეთზე კონფლიქტის გამო), პოსტსაბჭოური სივრცისა და კავკასიისათვის ნამდვილად არ სცალია.
        აქედან გამომდინარე, აქსიომატურია დებულება, რომ სანამ არ დასრულდება და გაირკვევა ვითარება ბალკანეთზე, საქართველოს მხრიდან ყოველგვარი მკვეთრი ნაბიჯი აფხაზეთთან დაკავშირებით, - არარაციონალური იქნება.
        ზოგიერთი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა გასცა განკარგულება, გაიყვანონ «მშვიდობისმყოფელები» აფხაზეთიდან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არ დაადასტურებს მათ მანდატს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს განკარგულება ბლეფია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დაშინებას, - «თუ არ გააგრძელებთ მანდატს, გავიყვანთ ჯარებს და ომი განახლდება».
        ომი კი «დამარხავს» ფაქიზ, მყიფე სტაბილურობას საქართველოში.
        ამის შიშით, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე, არარაციონალური იქნებოდა. საქართველომ, რასაკვირველია, არ უნდა მოითხოვოს სამშვიდობო ძალების გაყვანა, მაგრამ მათი მანდატის დადასტურება საჭირო არ არის. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყვანს ჯარებს ენგურის აუზიდან და შეეცდება ომის პროვოცირებას, თუ პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ქართულ მხარეს დაეკისრება. სხვა შემთხვევაში, ისიც მოერიდება რადიკალურ ნაბიჯებს. მაგალითად, თუ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არ მოითხოვს ჯარების გაყვანას, მაგრამ მანდატის ვადის გაგრძელებასაც დიპლომატიურად გააჭიანურებს, - რუსეთი ვერ შეძლებს ეგრეთ წოდებულ «ცისფერჩაფხუტიანთა» გაყვანას, ვინაიდან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი სწორედ მას დაეკისრება, რაც რუსეთს ნამდვილად არ ეპიტნავება.
        ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას არ მოეთხოვა ჯარების გაყვანა, მაგრამ არც მანდატის ვადა გაეგრძელებინა.
        სხვათა შორის, ამით შევინარჩუნებდით სტატუს-კვოს, რომელიც უკვე ერთი წელია ჩამოყალიბდა კონფლიქტის ზონაში. ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ პირველად შექმნა ასეთი პოლიტიკური ბალანსი: არ გაუგრძელა მანდატი სამშვიდობო ძალებს, მაგრამ არც მათი გაყვანა მოითხოვა, რითაც სამშვიდობო ძალები ორჭოფულ მდგომარეობაში ჩააგდო; ამან კი რუსეთს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეუქმნა.
        ამჟამად რუსული დიპლომატია ცდილობს შანტაჟით (თუ არ გააგრძელებთ მანდატს, გავიყვანთ სამშვიდობო ძალებს) - აიძულოს საქართველო დაადასტუროს მანდატი ანუ დაადასტუროს (ფაქტობრივად), რომ არა აქვს პრეტენზია რუსეთთან. სწორედ ამაში მდგომარეობს «დიპლომატიური შანტაჟის» არსი, - სამშვიდობო ძალთათვის მანდატის გაგრძელებაზე უარის თქმით საქართველო ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის გულწრფელობას (სავსებით მართებულადაც) და გადასცემს სიგნალს სხვა ქვეყნებს, სხვა რეგიონებს (მათ შორის კოსოვოს), სადაც რუსეთს, აგრეთვე, აქვს «მშვიდობისმყოფლობის» პრეტენზია.
        საეჭვოა, იუგოსლავიაში კონფლიქტმა კიდევ 6 თვეზე მეტ ხანს გასტანოს. ამ ექვსი თვის განმავლობაში საქართველომ უნდა სცადოს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება. ხოლო მას შემდეგ, რაც ფაშისტურ სერბიას ნატო საბოლოოდ გაანადგურებს (ეს გარდაუვალია, ვინაიდან იუგოსლავიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ალიანსის ავიაციას ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია), შეიქმნება პირობები ახალი სტატუს-კვოს ჩამოსაყალიბებლად, რაც, აგრეთვე, არ ნიშნავს ომის განახლებას, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, უნდა მივხვდეთ, რომ ომით, ძალის გამოყენებით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება.
        გარდა ამისა, 6 თვის შემდეგ, დაახლოებით 1999 წლის ნოემბერში, საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რის შედეგადაც სახელისუფლებო ოლიმპზე ვითარება საბოლოოდ გაირკვევა და ხელისუფლებას მიეცემა «კონცენტრირებული პოლიტიკის» გატარების საშუალება.
        იმ პირობებში, როდესაც ბალკანეთზე მშვიდობა დამყარდება, ხოლო დასავლეთი დარწმუნდება არა მხოლოდ ფაშისტური სერბეთის, არამედ მისი მხარდამჭერი «ველიკოდერჟავული რუსეთის» სრულ უმწეობაში - სავსებით შესაძლებელი და რაციონალური გახდება ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალთა» გაყვანის მოთხოვნა; ოღონდ არა ომის განსაახლებლად, არამედ სამშვიდობო პროცესის ახალი ფორმულის გამოსამუშავებლად, - რუსეთის ნომინალური მონაწილეობით.
        რუსეთის მონაწილეობა კი «ნომინალური» იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რეალურად დაინტერესდა აფხაზეთის პრობლემით და რამბუიე-პარიზის მსგავსად მოიწვია საერთაშორისო კონფერენცია «სამშვიდობო ფორმულის» გამოსამუშავებლად.
        «სამშვიდობო ძალების» გაყვანა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იქნება ომის განახლების ტოლფასი. სავსებით შესაძლებელია, დასავლეთისა და ნატოს ეგიდით გაფორმდეს ხელშეკრულება «ომის განუახლებლობის შესახებ», რომლითაც საქართველო პასუხისმგებლობას იკისრებს, არ გამოიყენოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად - სულ ერთია, აფხაზეთში ომის წამოწყებისა და პრობლემის ძალისმიერად გადაწყვეტის საშუალებას არათუ მხოლოდ რუსეთი, არამედ დასავლეთიც არ მოგვცემს;
        სრულებით ფუჭი და უმაქნისია ეგრეთ წოდებული «ეკონომიკური ბლოკადა», რომელიც რეალურად არც ხორციელდება - სეპარატისტებს აფხაზეთში შემოაქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. მით უმეტეს უპერსპექტივოა ეგრეთ წოდებული «პარტიზანული მოძრაობის» გაშლაც, ვინაიდან ამ მოძრაობის წევრთა დიდი უმრავლესობა სრულებით არაბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა.
        ბალკანეთის კონფლიქტის დასრულება შესანიშნავ შანსს აძლევს საქართველოს, - მოითხოვოს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა იმავე ფორმულით: «საერთაშორისო კონფერენცია, - სამშვიდობო შეთანხმება, - სამშვიდობო კოლექტიური ძალები - ლტოლვილთა დაბრუნება». ამ ფორმულის ფარგლებში რეალურია კომპრომისის მიღწევა. რუსეთის შესაძლებლობები კი თვალნათლივ ამოიწურა.

რუსულმა პოლიტიკამ სერბეთში ცინიზმის ზღვარს გადააჭარბა

        რამდენიმე დღის წინათ გერმანიაში რვა ყველაზე განვითარებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა: რუსეთმა დასავლეთს შესთავაზა კოსოვოს პრობლემის მოწესრიგების მოულოდნელი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში ნატოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა შეყვანას, ლტოლვილთა დაბრუნებას და კოსოვოელ ალბანელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭებას.
        ეს მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია სერბეთის ხელისუფლებისათვის, - განსაკუთრებით პირველი: კოსოვოში იმ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების შეყვანა, რომლებიც განუწყვეტლივ ბომბავენ სერბეთს უკვე ლამის ორი თვის განმავლობაში, მაგრამ ამ მომენტში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რაოდენ ცინიკური და პრაგმატულია რუსეთის პოლიტიკა: რუსეთი მოქმედებს არა «მოძმე სლავი ერთმორწმუნე ხალხის», არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
        მას სურს აიძულოს სერბეთი, დათანხმდეს რუსეთ-დასავლეთის კონდომინიუმზე კოსოვოში ანუ ერთობლივ მმართველობაზე.
        რასაკვირველია, ეს გეგმა დიდად არ ეპიტნავებათ ბელგრადში, ვინაიდან თავიანთი ქვეყნის სუვერენულ უფლებათა ყოველგვარი შეზღუდვის წინააღმდეგნი არიან.
        სამაგიეროდ, ამგვარი კონდომინიუმი ძალზე ხელსაყრელია რუსეთისათვის, რომელიც (სერბთა თანხმობის შემთხვევაში), პირველად მიიღებს შესაძლებლობას, იყოლიოს სამხედრო კონტიგენტი ბალკანეთზე.
        პირველად, - I მსოფლიო ომის შემდეგ!
        ანუ ელცინი და პრიმაკოვი მოახერხებენ იმას, რაც თვით სტალინმაც კი ვერ მოხერხა: იოსიფ ბროს ტიტოსთან მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო იუგოსლავია, ფაქტობრივად, «ნეიტრალიტეტს» ინარჩუნებდა «დასავლეთსა და აღმოსავლეთს» შორის დაპირისპირებისას.
        ყოველ შემთხვევაში, იუგოსლავია საბჭოთა კავშირისადმი (იგივე მოდერნიზებული რუსეთისადმი) დიდი ლოიალურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
        ამჟამად კი რუსეთს აქვს შანსი, მკვიდრად დააფუძნოს თავისი სამხედრო კონტინგენტი კოსოვოში, რომელსაც «ბალკანეთის გულს» უწოდებენ და ამით ძალიან მძლავრი გეოპოლიტიკური კოზირები მოიპოვოს საკუთარი ინტერესების დასაცავად.
        ფაქტობრივად, სლობოდან მილოშევიჩი ჩიხში არა მხოლოდ ნატომ, არამედ რუსეთმაც მოამწყვდია: თუ არ დათანხმდები ნატო-რუსეთის კონდომინიუმს კოსოვოში, - დაბომბვა გაგრძელდება და ქვეყანას საერთოდ გაგინადგურებენ.
        ასეთია უკვე არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ რუსეთის ულტიმატუმიც. ოღონდ, რუსეთი (დასავლეთისგან განსხვავებით) უფრო შენიღბულად და ეშმაკურად მოქმედებს; ცინიკურია ასეთი პოლიტიკა «სლავური ძმობის შესახებ» განცხადებათა ფონზე? რა თქმა უნდა ცინიკურია, მაგრამ «არაცინიკური» პოლიტიკა სად გაგონილა?
        ჩვენთვის ეს ყოველივე, უპირველესად, იმით არის საინტერესო, რომ ძალზე სასურველ პრეცედენტს ქმნის: კონფლიქტის მოწესრიგება რუსეთ-დასავლეთის კონდომინიუმით, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე - საქართველოს მხრიდან შესაბამისი დიპოლომატიური და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შეიძლება ჩამოყალიბდეს უკვე აპრობირებულ ფორმულად - აფხაზეთისთვის.
        ისევე, როგორც რუსეთმა მოითხოვა «გავლენის წილი ბალკანეთზე» - ასევე შეიძლება მოითხოვოს «წილი» დასავლეთმაც – აფხაზეთში (საქართველოში), ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის ინტერესები დღითი დღე იზრდება, - ეს არა მხოლოდ «ნავთობსადენს» უკავშირდება, ან სხვა «გრანდიოზულ» პროექტებს, არამედ იმ ურთულეს პროცესებს, რაც ამჟამად თურქეთში მიმდინარეობს.
        ქართულ საზოგადოებას მხედველობიდან გამორჩა თურქეთის პარლამენტის უკანასკნელი არჩევნების შედეგი, რასაც საქართველოსათვის უშუალო აზრი და მნიშვნელობა აქვს.

თურქეთი ისლამისაკენ გადაიხარა

        უკანასაკნელი არჩევნების შედეგად, თურქეთის ისლამისტურმა (ნეჯამეთდინ ერბაქანის) პარტიამ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და პარლამენტში ადგილების (სადეპუტატო მანდატების) ოდენობით სოციალისტური მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე გავლენიან ძალად იქცა.
        მთელმა მსოფლიომ იხილა კადრები: როგორ შემოვიდა მაჰმადიანური წესით ჩაცმული დეპუტატი ქალი (ერბაქანის პარტიის წევრი) დარბაზში და რა ისტერიკა ატეხეს «საერო პარტიათა» წარმომადგენლებმა;
        არადა, რამდენიც არ უნდა იყვირონ და «იხტუნაონ», სულ ერთია, დასავლეთის თვალწინ დაფიქსირდა უეჭველი ფაქტი, - ქვეყანაში, რომელიც, არცთუ დიდი ხნის წინ, დასავლეთისა და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების ფორპოსტად ითვლებოდა აღმოსავლეთში, - სულ უფრო იზრდება პანისლამისტური, ფუნდამენტური გავლენა.
        შეუძლებელია, ეს არ აშფოთებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
        ბუნებრივია, ვაშინგტონსა და ლენგლიში მოვლენათა ყოველგვარ განვითარებას გათვლიან, - თურქეთში ისლამისტური გავლენა ბალკანეთზე მიმდინარე პროცესთა შედეგიცაა - ნუ დავივიწყებთ, რომ ბალკანეთი სწორედ თურქეთის სახელმწიფოს ნაწილი იყო საუკუნეთა განმავლობაში.
        რა შეიძლება მოიმოქმედოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპასუხოდ? ამერიკას თურქეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა აქვს. თურქეთი ყველა გეოპოლიტიკურ გათვლაში ამერიკის დასაყრდენი უნდა ყოფილიყო კავკასია – წინა აზიის რეგიონში, მაგრამ რაც უფრო გაძლიერდება ერბაქანის პარტია, მით უფრო შეიცვლება ამერიკის დამოკიდებულებაც თავისი «სტრატეგიული» პარტნიორისადმი.
        მეტიც, - ამერიკა დაიწყებს რეგიონში ალტერნატივის ძებნას ანუ იმ ქვეყნისა, რომელიც შეიძლება გამოდგეს სტრატეგიულ დასაყრდენად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყურადღებას საქართველოზე შეაჩერებენ. ეს არ არის «ჰიპოთეტური» მოსაზრება მხოლოდ, - მოვლენათა ამგვარი განვითარება სავსებით ბუნებრივია და ლოგიკური, თუ, რასაკვირველია, ჩვენ თავად არ დავუშვებთ მორიგ ბრიყვულ «სტრატეგიულ» შეცდომას.
        ჯერჯერობით კი თურქეთში ისლამისტთა გაძლიერებამ უკვე ის შედეგი გამოიღო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ «თურქული ნავთობსადენის» გამოა დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობითა და სტაბილურობით.

«გოლოს არმენიის» რისხვა და ქართული იუმორი

        რადიოსადგურმა «გოლოს არმენიიმ» აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამას წინათ, რუსეთში გამართულ «მხიარულთა და საზრიანთა კლუბის» შეჯიბრზე თბილისიდან ჩამოსულმა უნიჭო და უნიათო გუნდმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და სომეხ ხალხს დაუწყო დაცინვა – ანტისპიდურ პრეპარატ «არმენიკუმისა» და «დ-არტანიანის» გამო.
        «გოლოს არმენის» კომენტარი ერთმნიშვნელოვანია: «სხვისი დაცინვით თვითდამკვირდებას ის ესწრაფვის, ვისაც თვითდამკვიდრებისათვის სხვა საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველებს ის გირჩევნიათ, საკუთარ თავს დასცინოთ და ირონია საკუთარი თავისკენ მიმართოთ».
        მიუხედავად იმისა, რომ «მკაცრად გაგვილაწუნეს», უნდა ვაღიაროთ, რომ ის ქართული გუნდი, რომელიც რუსულ კვნ-ებში მონაწილეობას არ იშლის, ნამდვილად ყველაფრის ღირსია! უბედურება ის არის, რომ მათი უნიათობის გამო საქართველო ილანძღება – ჩვენს ძვირფას მეზობლებს მხოლოდ საბაბი მიეცი და...
        რაც შეეხება თვით «კვნ»-ს, ქართული გუნდების გამოსვლა ამ კონკურსებზე ყოველთვის კრახით სრულდება: მათი ხუმრობები აშკარად არაბუნებრივია, დაძაბულია, ხელოვნურია და დამსწრე რუსულ საზოგადოებაში არაფერს იწვევს ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილის გარდა.
        ეს არც არის გასაკვირი: «პარნი იზ ბაკუ» და «ნოვიე არმიანე» რუსულენოვან ქალაქებს წარმოადგენენ, - თბილისი კი «რუსულენოვანი» ქალაქი არასდროს ყოფილა - საბჭოთა ეპოქაშიც კი; ქართველებისთვის რუსული იუმორი იმდენად მახლობელი არ არის - ეს იგივეა, რაც ქართული ლექსის რუსული თარგმანი, რომელსაც ყოველთვის აძევს ხელოვნურობის ტვიფრი;
        იუმორი და ლექსი არ ითარგმნება.

დილის გაზეთი, 10 მაისი, 1999 წელი