ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ არენაზეა

ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ არენაზეა

      

        ხანგრძლივი «პოლიტიკური ძილის» შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი.
        ეს, ალბათ, მისი ტაქტიკაა, - საარჩევნო ციკლებს შორის კრინტი არ დაძრას, არსად გამოჩნდეს, მონაწილეობა არაფერში მიიღოს, მაგრამ როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდება, - უმალვე გააქტიურდეს და პრეზიდენტობაზეც პრეტენზია განაცხადოს.
        რამდენად საფუძვლიანია ეს პრეტენზია, სხვა საკითხია, მაგრამ ჯუმბერ პატიაშვილს უეჭველად ეყოლება მხარდამჭერები, - იმ ეპოქის წარმომადგენლები, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიულ წარსულს.
        პატიაშვილის ერთადერთი კოზირი სახელისუფლებო ქარიზმაა, ანუ ის ფაქტი, რომ იგი უკვე ხელმძღვანელობდა საქართველოს 1985-1989 წლებში. ეს ქარიზმა კი სავსებით საკმარისია «ყოფილი ელიტის» გარკვეული ნაწილისათვის, რათა ჯუმბერ პატიაშვილი, როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, «ფარზე აიტაცონ»;
        თუმცა იმთავითვე ცხადია, რომ ამ «ატაცებიდან» სრულებით არაფერი გამოვა და თეორიულად, არც შეიძლება გამოვიდეს.
        როგორც ჩანს, ჯუმბერ პატიაშვილისათვის არჩევნებში მონაწილეობა გულის მოოხებისა და პიროვნული რეაბილიტაციის საშუალებაა. საეჭვოა, მას თავად ჰქონდეს გამარჯვების იმედი. ან ეს «ჰიპოთეტური გამარჯვება» არ აშინებდეს, ვინაიდან დღევანდელ პირობებში არანაირი პოლიტიკური პროგრამა და კურსი არ გააჩნია.
        თუ საუბარია «პრორუსულ ორიენტაციაზე», - აქ პატიაშვილის ერთადერთი კოზირი 9 აპრილია; ანუ ის ფაქტი, რომ მან დაარბია მიტინგი «მთავრობის სასახლესთან», მაგრამ ვაი ამ კოზირს!
        ალბათ, თვით პატიაშვილიც ვერ გაბედავს ამ კოზირის გამოყენებას, განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რაოდენ არაპოპულარულიც არ უნდა იყოს დღეს უკვე 9 აპრილი და ამ ტრაგედიის «შემოქმედი» პოლიტიკური თაობა.
        ჯუმბერ პატიაშვილის მთავარი პრობლემა, თუ გულწრფელნი ვიქნებით, მისი ცკ-ს მდივნობა ან პროკომუნისტური ორიენტაცია კი არ არის (ასეთი ორიენტაცია საქართველოში თითქმის აღარც არსებობს), არამედ ისევ და ისევ 9 აპრილი.
        ეს მოვლენა საქართველოს უახლოესი ისტორიის ქვაკუთხედად იქცა და შეიძლება ითქვას, ყველაფერი განსაზღვრა, - მათ შორის, იმ ადამიანთა პოლიტიკური თუ პიროვნული ბედი, ვინც, ასე თუ ისე, იყო 9 აპრილთან დაკავშირებული.
        ეს მოვლენა გადამწყვეტი და გარდამტეხია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თვით ჯუმბერ პატიაშვილის ცხოვრებაშიც;
        სხვათა შორის, ჯუმბერ პატიაშვილის «ქართველობაში» ეჭვი არავის ეპარება. ჯუმბერ პატიაშვილი რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი ქართველი არ იყოს, იგი არც 1995 წლის და არც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. რაკი მონაწილეობს, - მაშასადამე, სწორედაც რომ ჭეშმარიტი ქართველია - ჩვენთვის დამახასიათებელი ყველა თვისებითა და თანდაყოლილი ამბიციით.
        ემოციების გარეშე თუ ვიმსჯელებთ, პატიაშვილს არა მხოლოდ არანაირი შანსი არა აქვს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი (იმ ელექტორალურ ნიშას, რომლის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ პატიაშვილისათვის მიეცათ ხმა - სხვა კანდიდატები დაიკავებენ), არამედ მისი პრეზიდენტობა პოლიტიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელიც იქნებოდა (ქვეყნისათვის), ვინაიდან ჯუმბერ პატიაშვილის მთავარი უბედურება სწორედ ისაა, რომ იგი ძალიან სუსტი პოლიტიკოსია. ამიტომაც დაიღუპა თვითონაც და დაღუპა ქვეყანაც.
        პატიაშვილი რომ ჭკვიანი (ანუ ძლიერი) პოლიტიკოსი ყოფილიყო, იგი საქმეს 9 აპრილამდე არაფრის დიდებით არ მიიყვანდა (რაკი მივიდა საქმე 9 აპრილამდე, - შემდეგ ყოველივე გარდაუვალი გახდა), ყველაფერს გააკეთებდა, ყველანაირ ხერხს იხმარდა, რათა 9 აპრილი არ დაეშვა (ვიმეორებ) არა დარბევით, არამედ იმით, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო.
        საამისოდ კი აუცილებელი იყო ჯერ კიდევ 1987 წლიდან ჭკვიანური, მიზანსწრაფული და გეგმაზომიერი პოლიტიკის გატარება, რაც პატიაშვილმა ვერ შეძლო და (კიდევ უარესი) ვერც მიხვდა, რომ არსებული ვითარებისა და კურსის შეცვლა აუცილებელი გახდა.
        პატიაშვილს რომ უფრო ჭკვიანურად, უფრო ძლიერად ემოქმედა 1987 წლიდან და სულელური შეცდომები არ დაეშვა (მაგალითად, ხაბეიშვილის დაპატიმრება, რითაც მთელი ქართული ელიტა გადაიკიდა, ვინაიდან ამ ელიტამ ეს დაპატიმრება სავსებით სამართლიანად აღიქვა, როგორც დარტყმა საბჭოთა კავშირის ქართველ(!) საგარეო საქმეთა მინისტრზე), საქმე 9 აპრილამდე არ მივიდოდა.
        ყოველ შემთხვევაში, პატიაშვილს ექნებოდა საშუალება, ძირშივე ამოეკვეთა «ანარქიული» პროცესები, რომლებიც ვითარდებოდა საქართველოში და არ დაეშვა მისი «დაგვირგვინება» 9 აპრილის დამღუპველი მოვლენით.
        ჯუმბერ პატიაშვილმა იმ პერიოდში (1985-1989 წლებში) სრული უსუსურობა და უნიათობა გამოამჟღავნა, როგორც პოლიტიკოსმა - იგი საერთოდ ვერ ფლობს ძალაუფლების ტექნოლოგიას და საეჭვოა, მას შემდეგ შეესწავლა ეს ხელოვნება.
        არადა, დღევანდელ ურთულეს ვითარებაში, ისეთ რთულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, მით უმეტეს დემოკრატიის პირობებში, პატიაშვილის დონის პოლიტიკოსს კიდევ უფრო გაუჭირდება ქვეყნის მართვა, ანუ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ძალების დაბალანსება, განსაკუთრებით, მიზანშეწონილი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევა, რათა ამ კურსმა ქვეყანაში მორიგი სამოქალაქო ომი არ გამოიწვიოს.
        აქედან გამომდინარე, ჯუმბერ პატიაშვილს მართლაც არანაირი შანსი არა აქვს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობა ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
        აქედან გამომდინარე, ჯუმბერ პატიაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო კამპანიაში მისივე თვითდამკვიდრებისა და თავისმართლების მორიგი აქციაა მხოლოდ და არა სერიოზული პოლიტიკური მოვლენა.

მერიდიანი, 30 აპრილი, 1999 წელი