როგორ გამოიყენებს ელჩი ჩხიკვიშვილი «რუსულ გამოცდილებას» ისტორიულ სამშობლოში?

როგორ გამოიყენებს ელჩი ჩხიკვიშვილი «რუსულ გამოცდილებას» ისტორიულ სამშობლოში?

        გუშინ თბილისში ერთდროულად ორი «მაღალი სტუმარი» გვეწვია რუსეთიდან. ერთი მათგანი _ რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი კარგა ხანს დარჩება ჩვენთან, სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკების გასამართად ჩამოსული დელეგაცია კი მალე დატოვებს საქართველოს.

        ამთავითვე შეიძლება ითქვას, - მოლაპარაკებებს ბაზების გაყვანის თაობაზე არც ამჯერად მოჰყვება რაიმე შედეგი. პორტუგალიაში ახლახან დასრულებულ ეუთოს «მინისტერიალზე» რუსეთმა მთავარს მიაღწია: ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობამ აღარ გაამახვილა განსაკუთრებულად ყურადღება სტამბოლის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე საქართველოს და მოლდოვას მიმართ, რომელიც ამ ქვეყნებიდან რუსული ბაზების გაყვანას ითვალისწინებს.
        აქედან გამომდინარე, თბილისში ექსპერტთა დონეზე მიმდინარე კონსულტაციები, ისევე როგორც მომავალი ოფიციალური მოლაპარაკება სახელმწიფოთა შორის, ჯერჯერობით, უპერსპექტივოდ ჩანს. ქართული მხარე კვლავ 3 წელიწადში მოითხოვს ბაზების ლიკვიდაციას, რუსეთი კი ისევ განაცხადებს, რომ ამისთვის 11 წელია საჭირო. ევროპა დუმილს განაგრძობს. უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურ «სინანულს გამოთქვამენ», თუმცა, იქვე «ოპტიმიზმსაც ამოაფრქვევენ» იმის გამო, რომ «მხარეებმა მოილაპარაკეს, განაგრძონ მოლაპარაკება».
        მართალია, საქართველოში გამოჩნდნენ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები, მაგრამ საპირისპირო პროცესიც მიმდინარეობს წინა კვირაში ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის დაბრუნების თაობაზე. რამდენიმე უახლესი ავიაგამანადგურებელი უკვე დაეშვა ამ ქვეყნის დედაქალაქ ბიშკეკთან მდებარე ყოფილ საბჭოთა აეროდრომზე. უახლოეს მომავალში იქვე განლაგდება 5000 რუსი ჯარისკაცი. აქ ყველაზე უცნაური ის არის, რომ რუსეთის ჯარმა ეს ბაზა 7 წლის წინათ, - 1995 წელს დატოვა.
        მაშინ გაცხადდა, რომ ეს «სამუდამოდ» ხდებოდა, მაგრამ ყირგიზეთში ამერიკელი ჯარისკაცების გამოჩენასთან ერთად ყირგიზეთის ხელისუფლებას «ბალანსი» დასჭირდა ამერიკასა და რუსეთს შორის.
        პარალელი ადვილად გასავლებია – საქართველოც ყირგიზეთივით პატარა ქვეყანაა. ჩვენთვისაც, ჯერჯერობით, არანაკლებ არის საჭირო «ბალანსის დაცვა». განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ რუსი სამხედროების დაბრუნება არც კი გვჭირდება, რადგან საქართველოში რამდენიმე ბაზა უყკევ არსებობს
        რუსეთის ახალ ელჩს რაც შეეხება, წინაპართა მიწაზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ერთობ ორიგინალურად შემოაბიჯა აეროპორტის «ვიპ» დარბაზიდან – საკუთარი ერთგული (ალბათ) ძაღლის თანხლებით.
        რუსეთიდან წარმოშობით ქართველი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში ზოგიერთი ზედმეტ იმედებს უკავშირებს, მაგრამ რუსეთის რეალური ქმედებებიდან ნაკლებად არის საგულვებელი, რომ ეს სახელმწიფო მეზობელი ქვეყნის მიმართ თუნდაც მცირეოდენ დათმობაზე მიდიოდეს.
        თავად ვლადიმერ ჩხიკვიშვილისთვისაც, რგორც დიპლომატისთვის, საქართველოში ჩამოსვლა ნაკლებად უნდა ნიშნავდეს წარმატებულ აღმასვლას კარიერაში. უბრალოდ, მისი პროფესიის ადამიანები, მით უმეტეს, რუსეთში, არმიის წესებით ცხოვრობენ და ბრძანებებს ასრულებენ. რა მიზნები აქვს თავად ჩკიხვიშვილს, აქ აინუნში ჩასაგდები არ არის. მთავარია, რისი თქმა სურთ ამით რუს ხელისუფალთ? მათი სათქმელი კი ასეთია: ჩვენი იმგვარი ქართველები გვინდა და მხოლოდ ისეთ ქართველებთან ვიმეგობრებთ, როგორიც ჩხიკვიშვილია.

დილის გაზეთი, 12 დეკემბერი, 2002 წელი