საქართველოში კიდევ ერთი ომი იწყება

საქართველოში კიდევ ერთი ომი იწყება

        სახელმწიფო კანცელარიიდან მიღებული ცნობით, პრეზიდენტმა, ან უკვე მოაწერა ხელი, ან უახლოეს მომავალში მოაწერს ბრძანებულებას კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ.

     სარწმუნო წყაროთა ცნობით, პარასკევს, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, გაიმართა საგანგებო თათბირი «ვიწრო შემადგენლობით», რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, აგრეთვე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
        პრეზიდენტის თქმით, კონტრაბანდასთან შერიგება უკვე შეუძლებელია, ვინაიდან, იგი ანგრევს ეკონომიკას. ბრძანებულების შემუშავება და გამკაცრება სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. უკანასკნელ მემორანდუმში ეს საკითხი უპრეცედენტოდ მკაცრადაა «გაწერილი».
        თუმცა, ზოგიერთი რამ მიანც გაუგებარია: ხელისუფლება 1995 წლიდან (ლარის შემოღებიდან) – დღემდე კონტრაბანდის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ერიდებოდა, ვინაიდან ეს სერიოზულ რისკთან იყო (და არის) დაკავშირებული: კონტრაბანდით ათეულობით ათასი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები იკვებებიან ერგნეთის ბაზრობიდან, ქუთაისისა და თბილისის ბაზრობებამდე. ეს საკმაოდ «ფეთქებადსაშიში» სოციალური მასაა. ხელისუფლების სიფრთხილე ამ მხრივ გასაკვირი არ არის. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
        მაგრამ სრულიად გაუგებარია, სად იყვნენ დღემდე სავალუტო ფონდის მისიები და ექსპერტები? 7 წელია, ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე ლაპარაკობენ. უმთავრეს მიზეზად კონტრაბანდასა და გადასახადების დამალვას ასახელებენ (მართებულად), შესაბამისად, კორუფციაზე გაუთავებლად საუბრობენ, მაგრამ არც ერთ მემორანდუმში კონკრეტულად არ მოუთხოვიათ ხელისუფლებისგან კანონმდებლობის გამკაცრება. შედეგად, დღეს საოცარი ვითარება გვაქვს: ქვეყანა კონტრაბანდამ (მასთან დაკავშირებულმა კორუფციამ) წალეკა, მაგრამ დანაშაულის ეს სახეობა არათუ ფაქტობრივად არ ისჯება, არამედ საერთოდ არ არსებობს! ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად ასეა: თუ საქონელი უშუალოდ საზღვარზე არ დააკავეს მესაზღვრეებმა, მაშინ იგი მიიჩნევა არა კონტრაბანდად, არამედ «არადეკლარირებულ საქონლად» და მის მეპატრონეს (გადამზიდავს) ემუქრება მხოლოდ მცირე ჯარიმა – საქონლის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები.
        საქმე ანეკდოტამდე მიდის. მაგალითად, ბენზინმზიდით საწვავის შემომტანი წინასწარ ურიგდება მებაჟეს ან პოლიციელს (უფრო იშვიათად, მესაზღვრეს), რომ აზერბაიჯანიდან საწვავის შემოტანის შემდეგ სადმე ლაგოდეხთან, ან თეთრი წყაროსთან დააკავებენ. მისი საქონელი აღირიცხება, ოფიციალურად გადაიხდის მიზერულ ჯარიმას, რის შემდეგაც კონტრაბანდული (ფაქტობრივად) საქონელი ლეგალური ხდება და ამგვარად, «ნიჭიერ» მეწარმეს ბევრად მეტი მოგება ელის, ვიდრე, იმ შემთხვევაში, თუ იმდენივე საწვავს საბაჟოს გავლით შემოიტანდა.
        ესე იგი, სახელმწიფოს დღეს ისიც კი არ შეუძლია, რომ «აღურიცხავი საქონლის» გადმომტანს თუნდაც იმდენი გადაახდევინოს ჯარიმის სახით (მეტზე ხომ არ არის ლაპარაკი), რამდენსაც ლეგალური შემომტანი იხდის საბაჟო გადასახადის სახით. ასეთ ვითარებაში კორუფციის არსებობა რა გასაკვირია? თვით «დონდოლო» კანონმდებლობაა კორუფციული.
        ამავდროულად, ცვლილებები კანონმდებლობაში (რასაც პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს) ძნელად «გამსვლელია» პარლამენტში, ვინაიდან პარლამენტართა შორის არანაკლები «ნიჭიერი ბიზნესმენია», ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდაცვის სტრუქტურებში. კიდევ ერთი პრობლემაა «კონფლიქტური ზონები» _ ცხინვალში ნაყიდი საქონელი კონტრაბანდულად არ მიიჩნევა, რაკი, ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა. მოქმედებს იგივე კორუფციული ალგორითმი, როგორიც აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავის შემთხვევაში, ვინაიდან კორუფცირებული ჩინოსნები და პოლიციელები არც ერთ მანქანას «შეუმოწმებლად» არ გაუშვებენ – ოფიციალუროად მცირე ჯარიმას ახდევინებენ, მაგრამ «მარცხენა» ჯიბეც გამობერილი აქვთ.
        კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა სრულიად ფუჭი იქნება ბაზრობების შეზღუდვის, ან დროული დახურვის გარეშე, რასაც საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ტოლფასი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს.
        ბაზრობებთან და კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლა კიდევ უფრო რთული იქნება. ამის გარეშე კი კორუფციული სქემები (უკვე მთელი სისტემები) ხელუხლებელი დარჩება და კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები სრულიად ფუჭად ჩაივლის.
        უფრო ზუსტად, პირველი «გამკაცრებისა» და «შტურმის» შემდეგ დაბრუნდება ჩვეულებრივი კონტრაბანდული რუტინა და კორუფციული «კეითლდღეობა» რამდენიმე ათასი ჩინოსნისთვის.

დილის გაზეთი, 10 მარტი, 2003 წელი