შიზოფრენიკმა არძინბამ «ვეფხისტყაოსანი» ზეპირად იცის
მოსკოვში გამომავალ გაზეთ «Русский вестник»-ში. (19.1996.) გამოქვეყნდა ვინმე ვლადიმერ ბოგოლუბსკის სტატია, რომელიც აფხაზეთის დღევანდელი პრეზიდენტის ავადმყოფობის საინტერესო დეტალებს ეხება.
ეს გაზეთი ნახევრად ბულვარული გამოცემაა, მაგრამ მისი ავტორები ხშირ შემთხვევაში კგბ-სა და კომპარტიის მაღალი რანგის ყოფილი ფუნქციონერები არიან; დღევანდელ პირობებში, როცა რუსეთში «ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს», ისინი აღარ ერიდებიან აღწერონ თავიანთი წარსულის საინტერესო და ხშირ შემთხვევაში სკანდალური დეტალები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისათვის.
ზემოთხსენებული ბოგოლუბსკი (ეს აშკარად ფსევდონიმია), წერს, რომ წარსულში «საბჭოთა ფსიქიატრიას» კურირებდა სსრკ უშიშროების ორგანოებში; როგორც ცნობილია, კგბ აქტიურად იყენებდა ფსიქიატრიას თავისი მიზნებისათვის, რისთვისაც საბჭოთა კავშირი გარიცხეს მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციიდან და აღადგინეს მასში მხოლოდ 1990 წელს.
ბოგოლუბსკი აღწერს მრავალი დისიდენტის წინააღმდეგ განხორციელებულ «ფსიქიატრიულ ოპერაციას». იგი წერს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისიდენტებს მართლაც ჰქონდათ ფსიქიკური დაავადება, მაგრამ უფრო ხშირად ისინი «თეთრხალათიანი ჯალათების» მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ერთ ეპიზოდში ბოგოლუბსკი წერს, რომ მოსკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში 1980 წელს იგი მეთვალყურეობდა ვინმე ვლადისლავ არძინბას, რომელსაც შიზოფრენიის საწყისი სტადია აღმოაჩნდა. ეს არძინბა, ბოგოლუბსკის თქმით, მეცნიერი (ისტორიკოსი) იყო და მხოლოდ იმიტომ მოხვდა კგბ-ს თვალთახედვის არეში, რომ აქტიურად მონაწილეობდა «ანტისაბჭოთა გამოსვლებში» 1978-79 წელს - აფხაზეთის ტერიტორიაზე. სწორედ იმ დროს, აფხაზებმა დაგმეს გადაწყვეტილება საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ.
არძინბას, ბოგოლუბსკის შთაბეჭდილებით, შიზოფრენიის თუ დეპრესიული ფსიქოზის ძალზე უცნაური ფორმა ჰქონდა, - მისი «ბოდვა» გამოიხატებოდა იმაში, რომ ავადმყოფი (იგი თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად) ზეპირად ამბობდა «ვეფხისტყაოსნის» დიდი მონაკვეთებს და, ამავე დროს, ამტკიცებდა, რომ ვიღაც ამას აიძულებს - თითქოს მის შიგნით არის ქართველი, რომელმაც ძალით ასწავლა ზეპირად «ვეფხისტყაოსანი» და აიძულებს პერიოდულად გაიმეოროს.
შიგ და შიგ (უფრო იშვიათად) არძინბა ზეპირად ამბობდა სხვა ქართველი პოეტების ლექსებსაც. სპეციალისტთა მტკიცებით, არძინბა შიზოფრენიის ამ ფორმით დაავადდა ყმაწვილობისას, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობდა აფხაზთა «გაქართველების» პროცესი და სკოლებში აფხაზებს «ძალით ასწავლიდნენ ქართულს»; ბოგოლუბსკის ინფორმაციით, არძინბას ფანატიკურად სძულდა ყოველივე ქართული და ამ ნიადაგზე «კრუნჩხვებამდე მიდიოდა».
იგი კლინიკაში მკურნალობდა 6 თვის განმავლობაში და გამოეწერა მას შემდეგ, რაც მის მკურნალობაში «საუკეთესო ექიმები» ჩაერთვნენ.
თუმცა, ბოგოლუბსკის თქმით, შიზოფრენია უკურნებელი დაავადებაა.
«მსგეფსი», 30 ნოემბერი, 1996 წელი.