რა გველის წელს?

რა გველის წელს?

    აღმოსავლური კალენდრით, 2013 გველის წელია. თან „13“ ურევია. ერთი სიტყვით და ერთი შეხედვით, თითქოს კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, თუმცა მხოლოდ ციფრების მაგია ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს. მთავარია, როგორ განვითარდება ყბადაღბული „კოჰაბიტაცია“ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ამის შესახებ კი მათი საახალწლო მილოცვებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ.
    პირველი შემთხვევაა, როდესაც დამდეგი შობა-ახალი წელი ერთდროულად ქვეყნის ორმა პოლიტიკურმა ლიდერმა მოგვილოცა. თუ არ ჩავთვლით ავადასახენებელ 1993 წელს, როცა ერთის მხრივ სოხუმში მყოფი შევარდნაძე გვილოცავდა, მეორეს მხრივ კი გროზნოდან - ზვიად გამსახურდია. თუმცა ასეთ უბედურებამდე ჯერ შორს ვართ. ორივე ლიდერის საახალწლო გამოსვლებში იგრძნობოდა, რომ ისინი სერიოზულად აღიქვამენ „უკანასკნელი დღის შეთანხმებას“ - საკონსტიტუციო რეფორმისა და „დაჭერათა“ შეწყვეტის თაობაზე. ამ მხრივ სააკაშვილის გამოსვლა შინაარსობრივად უფრო საგნობრივი იყო, რადგან „დაჭერა“ სწორედ მის თანამებრძოლებს ემუქრებათ, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს ფუფუნება, მედიდური მრავალნიშვნელოვნება შეინარჩუნოს.
    პრეზიდენტის მილოცვა დამღლელიც აღმოჩნდა, რადგან ახალ წლამდე ორიოდე წუთით ადრე ქართველები ნამდვილად არ არიან განწყობილნი, სერიოზულად ისმინონ პოლიტიკური „სპიჩები“ და მასში ჩადებულ მესიჯებს განსაკუთრებით ჩაურღმავდნენ. მაგრამ მიშას ახლა სხვა გზა აღარც ჰქონდა: მისი საინფორმაციო სივრცე, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დღითიდღე ვიწროვდება. ისეთ ლოიალურ არხზეც კი, როგორიც „რუსთავი ორია“. ამიტომ, მან გადაწყვიტა, სწორედ საახალწლოდ გამოექვეყნებინა „კოჰაბიტაციის“ საკუთარი, ხუთპუნქტიანი გეგმა.
    1) აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შეწყვეტა, ესე იგი ვერბალური დაპირისპირებისა და „სიძულვილის ენის“ გამორიცხვა პოლიტიკური პროცესებიდან
    2) „დაჭერებზე“ უარის თქმა
    3) საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: „ნატო“ - სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელება
    4) თვითმმართველებებზე შეტევის დაუშვებლობა
    5) ერთობლივი ბიზნეს-კონფერენციის მოწვევა ანუ მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეთანხმებულად განხორციელება
    რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინიციატივაზე. მიშას „საკონსტიტუციო რეფორმა“ ერთხელაც არ უხსენებია, მაგრამ პოლიტიკაში კონტექსტი შინაარსზე მნიშვნელოვანია. ცხადია, რომ ხუთპუნქტიანი გეგმა იმთავითვე გულისხმობს საკონსტიტუციო რეფორმას, ანუ პრეზიდენტის ვალდებულებას, არ დაითხოვის არც მთავრობა და არც პარლამენტი. და საერთოდ, არ გააკეთოს მკვეთრი მოძრაობები.
    თუმცა ამ გეგმაშიც არის ჩადებული ერთი ნაღმი: თეზისი საგარეო პოლიტიკური კურსის კოორდინაციის თაობაზე, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს რაიმე „მკვეთრ მოძრაობას“ რუსეთთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად გამოცხადდება შეთანხმების დარღვევად და საბაბად (!) პრეზიდენტის კოტრშეტევისთვის. აქედან გამომდინარე, 2014 წლამდე რაიმე, თუნდაც მცირე ცვლილება არც რუსეთის და არც სხვა საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით მოსალოდნელი არ არის. ალბათ გაგრძელდება აბაშიძე-კარასინის შეხვედრები და მხარეები მშვიდობიანი რიტორიკით შემოიფარგლებიან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო გამოსვლა უფრო ქვეყნის ნამდვილი და თავდაჯერებული ხელმძღვანელის სიტყვა იყო: აღსავსე პათეტიკით და ისტორიულ პერიოდზე გათვლილი უზოგადესი პოსტულატებით, როგორიცაა მაგალითად „ეროვნულ-დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება“, „ევროატლანტიკური ორიენტაცია“, „ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი“, „ოცნებების ასრულება თანამშრომლობით“ და ასე შემდეგ. ოღონდ აქ პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობა ნამდვილად არ იგულისხმებოდა, რაკი მათ სხვა „ოცნებები“ აქვთ.
    ივანიშვილმა დაადასტურა, რომ საგარეო პოლიტიკაში არანაირი რყევა არ იქნება, როცა თქვა: „ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სამშობლოს იცავენო“. ეს ზუსტად „ნაციონალური მიდგომის“ გახმოვანებაა. მან აფხაზებსა და ოსებსაც მიულოცა ახალი წელი. პოლიტიკურ მოწინააღდეგებზე საუბრისას კი კვლავ დასძინა: „მოვექცევით ღირსეულად“. ანუ ისე, როგორც დაიმსახურებენ. იკითხება და ისმინება: „დაიმსახურონ ჩვენი ლმობიერება საკონსტიტიუციო რეფორმის მხარდაჭერით, მათ შორის მომდევნო პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევაზე თანხმობით, და შეიძლება აღარც დავიჭიროთ“.
    „როგორმე მივათრიოთ თავი ოქტომბრამდე“ - ლაიტმოტივად ჟღერდა ორივე ლიდერის გამოსვლაში. თუ გასული წლის უკანანსკნელ მოვლენებს გავითვალიწინებთ, როგორც ჩანს, ეს თეზისი მთლიანობაში ქართული პოლიტიკური კლასის ნება და სურვილია. თუმცა . . . . . მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მაინც არ ჰგავდა იმ პოლიტიკოსის სიტყვას, რომელიც სადმე აპირებს წასვლას პოლიტიკიდან. და არც ბიძინა ივანიშვილის „სპიჩში“ ჟღერდა შერიგების ნოტა იმ აზრით, რომ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის „კოჰაბიტაცია“ ოქტომბერში კი არ დასრულდება (ერთი წავა, მეორე დარჩება) არამედ წლობით გაგრძელდება.
    ამ აზრით, პრეზიდენტი და პრემიერი მაინც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ.

2013