საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივნისი. 2023 წელი

გლობალურ ოკეანეში დაძრწის ათეულობით ნავთობტანკერი რუსეთის საიდუმლო `შავი ფლოტიდან`.

ამ დასკვნამდე მიდიან ბრიტანული The Times გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც კოსმოსურ თანამგზავრებს იყენებდნენ დაკვირვებისას.

მათ აღმოაჩინეს, რომ საიდუმლო რუსული ტანკერები, რომლებსაც სანქცირებული ნავთობი გადააქვთ, იყენებენ ე.წ. Spoofing ტექნოლოგიას, როდესაც ტრანსპონდერები გამორთული აქვთ, თუმცა სპეციალური ტექნოლოგიითა და მოწყობილობით აჩვენებენ ყალბ მდებარეობას - ასეულობით მილის მოშორებით რეალური ადგილიდან.

მაგალითად, ერთ ერთი ასეთი ტანკერი Spoofing ტექნოლოგიით აჩვენებდა, თითქოს იაპონიის ზღვაში იმყოფებოდა, როცა რეალურად ამ დროს რუსულ პორტში იყო და ნავთობით იტვირთებოდა.

ექსპერტთა აზრით, პუტინის რუსეთი ამ  `საიდუმლო ფლოტით` მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობს ყიდის.

როგორც ცნობილია, დასავლეთმა დააწესა ზღვრული ფასები რუსულ ნავთობზე. ამ ფასს ზემოთ ტანკერებს ეკრძალებათ რუსული ნავთობის გადაზიდვა. წინააღდმეგ შემთხვევაში, ის კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობს გადაიტანენ, დასანქცირდებიან: ჩამოერთმევათ დასავლური დაზღვევა, რის შემდეგაც ისინი მსოფლიოს ვერც ერთ პორტში ვეღარ შევლენ.

ექსპერტთა აზრით, ეს აკრძალვები, სამწუხაროდ, რუსული ნავთობის გადინებას მსოფლიო ბაზრებზე ვერ შეაჩერებს: რაკი მოგება მეტსიმეტად დიდია, მუდამ აღმოჩნდება აზიაში ან აფრიკაში გადამზიდავი, რომელიც პუტინს ამ ხრიკით დაეხმარება.

ერთადერთი გამოსავალია ის ზომა, რაც დასავლეთმა მიიღო ირანის წინააღმდეგ, როდესაც ირანული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ამერიკული და ბრიტანული სამხედრო გემები დასდევდნენ, აპატიმრებდნენ და ა.შ.

მაგრამ.....ირანი სხვაა, რუსეთი სხვა: რუსეთის მიმართ ამგვარმა ზომებმა შესაძლოა პირდაპირი სამხედრო შეტაკება გამოიწვიოს, რასაც დასავლეთი ჯერ-ჯერობით (!) ერიდება.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსული ელიტების უსირცხვილობა და ნამუსგარეცხილობა, ასევე უტიფრობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება: არის ერთი ასეთი რუსი ტელე-პროპაგანდისტი, Пётр Толстой რომელიც იმდენად წარმატებული იყო დასავლეთის ლანძღვაში წლების მანძილზე, რომ პუტინმა დააჯილდოვა და მმართველი პარტია `Единая Россия` - ს სიით შეიყვანა რუსულ სახელმწიფო სათათბიროში ანუ პარლამენტში. ახლა ირკვევა, რომ ტოლსტოის ქალიშვილი თურმე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. ზუსტად იმ დროს, როცა მამამისი ამერიკას ლანძღავდა გაუტავებელ შოუებში და მერე სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.

ტოლსტოიმ `დანაშაული` აღიარა, გამოვიდა ტელევიზიით  და ბოდიში მოიხადა.

. . . . . . . . . . . . . . .

 

 

 

ბელგოროდის ოლქი უკვე ისე ინტენსიურად იბომბება უკრაინული არტილერიით, რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ორი რაიონიდან (უკრაინის საზღვართან ახლოს) მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო.  

რუსი ბლოგერები ტრაგიკომიკურად იმეორებენ ყველა ასეთ შემთხვევაში: `პირველად დიდი სამამულო ომის შემდეგ: `პირველად დიდი სამამულო ომის შემდეგ მოსკოვი დაიბომბა......` `პირველად დიდი სამამულო ომის შემდეგ იძულებული ვართ მოსახლეობის ევაკუაცია დავიწყოთ......`

ალბათ მალე სხვაც მოუწევთ `პირველად დიდი სამამულო ომის შემდეგ`.

. . . . . . . . . . . . . . .

ნორვეგიის მთავრობამ მიიღო 5 წლიანი გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს (!) ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ჯერ ერთი, ყურადღებას იქცევს თანხის ოდენობა და მეორეც, ვადა: 5 წელი. ანუ ნორვეგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაინის სამეხდრო დახმარებას.

. . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ ერთ-ერთი უპილოტო აპარატი, რომელიც უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით გაუშვა, პირდაპირ ერთ-ერთი მოსკოველის ბინაში შევარდა, მაგრამ არ აფეთქდა. არადა 2 კილოგრამი ტროტილით იყო დატენილი.

არ აფეთქდა იმიტომ, რომ მის კომპიუტერში შეყვანილი იყო სხვა სამიზნე: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა.

მოსკოვის ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის სპეციალური ინსტრუქცია გამოაქვეყნა, როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი დრონების თავდასხმაში მოჰყვნენ.

(რას მოესწრო `დერჟავა`)

 

ა) თუ დრონი ბინაში შემოგიფრინდათ, სასწრაფოდ გაიქეცით გარეთ და დარეკეთ ნომერზე 112.

 

ბ) თუ პოლიციელები მოვლენ საშველად, პირველ რიგში საბუთები შეუმოწმეთ, მერე ისევ 112-ზე გადაამოწმეთ, რადგან არ არის გამორიცხული, ეს პოლიციელები კი არა გადაცმული უკრაინელი დივერსანტები აღმოჩნდნენ - მოსკოვში შემოპარული.

 

გ) დანგრეული ბინის ან ავეჯის საფასურის კომპენსირებას სახელმწიფი ვერ შეძლებს, რადგან რუსეთს ომი არ გამოუცხადებია.

. . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც უკრაინული არმია დაამარცხებს რუს ოკუპანტებს და გააძევებს მათ საკუთარი ტერიტორიიდან, უკრაინა მოითხოვს რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 კილომეტრიანი `უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნას უცხოელი დამკვირვებლების განლაგებით` რათა `რუსეთმა ვეღარ შეძლოს ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან` და `რუსულმა ძალებმა ვეღარ დაბომბონ უკრაინის ტერიტორია`.

პოდოლიაკის თქმით `ბუფერულმა ზონამ` უნდა მოიცვას რუსეთის 4 ოლქი: ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და როსტოვის.  

. . . . . . . . . . . . . . .

 

საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა იმავე სლოვაკეთში, ბრატისლავას ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი სფიჩით.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას `უნდა მისცეს იმ დონის უსაფრთხოების გარანტიები, როგორიც აქვს ისრაელს`.

შეგახსენებთ, რომ ფორმალურად ისრაელი არ არის NATO-ს წევრი, არ იმყოფება არც ერთი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის `ქოლგის ქვეშ`, მაგრამ მას მაინც აქვს დასავლეთის მყარი გარანტიები.

მაკრონის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ამჟამად ფიქრობენ რაიმე ახალ მოდელზე, რომელიც იქნება ჩრდილო ატლანტიკურ ერთობაში სრულფასოვნად გაწევრების ალტერნატივა, თუმცა მოკავშირე ქვეყანას (მაგალითად უკრაინას, საქართველოს......) სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მისცემს.

. . . . . . . . . . . . . . .

 

 

 

 

გერმანიის მთავრობამ  დახურა ხუთიდან ოთხი რუსული საკონსულო გერმანიის ტერიტორიაზე.

დღემდე რუსეთს ჰქონდა საკონსულოები ბონში, ჰამბურგში, ლაიფციგში, ფრანკფურტში და მიუნჰენში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის `საგარეომ` მოსკოვს შეუთვალა, რომ  შეუძლია ამ ხუთიდან რომელიმე ერთი საკონსულო დაიტოვოს; ასევე საელჩო უშუალოდ ბერლინში.

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა აგრესია უკრაინის წინააღდმეგ, თუმცა არის მეორე მიზეზიც: გერმანულმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იციან, რომ რუსული საკონსულოები სპეცსამსახურთა `ბუდეა`, საიდანაც იგეგმება ტერაქტები და მკვლელობები. მაგალითად ჩეჩენი აქტივისტის, ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინის ხენტრალურ ბაღ ტირგარდენში.

საეჭვოა, ამ ამბების შემდეგ, ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაუბრუნდეს ისევ იმ დონეს, რა დონეზეც იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

. . . . . . . . . . . . . . .

 

დონალდ ტრამპის გარშემო ახალი სკანდალია: ამერიკულ მედიას ხელში ჩაუვარდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დონალდ ტრამპმა ნამდვილად წამოიღო თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები. შემდეგ შეინახა საკუთარ ვილაზე ფლორიდაში.

ჩანაწერში დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ზოგიერთი დოკუმენტისთვის გრიფი `საიდუმლოს` მოხსნაც ვერ შეძლო და ისე წამოიღო თეთრი სახლიდან.

მაგალითად ვერ მოხსნიდა გრიფ `საიდუმლოს` იმ დოკუმეტზე, რომელიც შეიცავდა ამერიკის ირანზე სამხედრო თავდასხმის გეგმას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სენსაციური ამბავია. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღიძრა, ეხება სწორედ საიდუმლო დოკუმენტების `სახლში წაღებას`. ამის საპასუხოდ ტრამპი და მისი ადვოკატები ამბობდნენ, რომ სანამ `სახლში წაიღებდა` (ასე უბრალოდ თუ ვიტყვით-დ) ტრამპმა თავისი ბრძანებულებით ამ დოკუმენტებს გრიფი `საიდუმლო` მოუხსნა. ამის უფლება ჰქონდა ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე.

მაგრამ ეს აუდიო-ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ყველა დოკუმენტისთვის არ მოუხსნია გრიფი: აბა ირანზე თავდასხმის გეგმა ხომ გლობალური მნიშვნელობის სკანდალია? ომის და ტერაქტების მაპროვოცირებელი.

თუმცა ესეც კი არ არის ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტორიტეტული და რესპექტაბელური მედია უშუალოდ აუდიო-ჩანაწერს ვერ აქვეყნებს. `არ გვაქვს ხელთ ჩანაწერი, თუმცა რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურაო`.

აქედან დასკვნა: შესაძლოა დონალდ ტრამპის საიდუმლო აუდიო-ჩაწერა განახორციელა FBI აგენტმა სასამართლოს ნებართვით. შესაბამისად, აუდიო-ჩანაწერს პროკურატურა გამოაქვეყნებს სასამართლოზე, სადაც ეს სისხლის სამართლის საქმე განიხილება ტრამპის წინააღმდეგ.

მთლიანობაში, რასაკვირველია, ეს ყოველივე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის წინასაარჩევნო ომის ნაწილია.